რეზონანსი
(21.08.2024)

პროკურატურამ პარლამენტის თავმჯდომარის წინააღმდეგ გამოძიება არ დაიწყო. შალვა პაპუაშვილის განცხადებებთან დაკავშირებით საჩივარი საგამოძიებო უწყებაში გიორგი გახარიას პარტიის წევრს, ნათია მეზვრიშვილს ჰქონდა შეტანილი და პარლამენტის თავმჯდომარეს ძალადობის წახალისებაში ადანაშაულებდა. მეზვრიშვილს მიმართვაში კონკრეტული მტკიცებულებებიც ჰქონდა მოყვანილი, თუმცა გიორგი გაბიტაშვილის უწყებამ ამ ფაქტების გამოძიება საჭიროდ არ ჩათვალა. 

გიორგი გახარიას გუნდის წევრი მის საჩივართან დაკავშირებით დღეს პროკურატურაში "გასაუბრებაზე" დაიბარეს, რასაც კანონმდებლობა არ ითვალისწინებს:

"დღეს პროკურატურას უნდოდა, რომ პაპუაშვილის მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულის დაფარვის პროცესში ნათია მეზვრიშვილს მონაწილეობა მიეღო უკანონო პროცედურაში მონაწილეობის გზით, თუმცა მისამართი შეეშალათ. 14 წელია ამ უწყებაში ნამუშევარი მაქვს და მე ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვეს, როდესაც ნათია მეზვრიშვილს მოსთხოვეს, რომ მონაწილეობა მეღო გასაუბრებაში გამოძიების დაწყებამდე, რასაც კანონი არ ითვალისწინებს. 

განცხადებაში, რომელიც შეიცავს პარლამენტის თავმჯდომარის მუქარას, რომელიც შეიცავს რეალიზებულ ძალადობას, ადამიანებს, დასისხლიანებულ კადრებს, რომელიც შეიცავს ოცნების ზონდერ აქტივისტების მიერ საარჩევნო კამპანიაში ხელშეშლას თავისი ფოტოებით, რომლებიც შეიცავს პარლამენტის წევრების აღიარებებს, ამაში პროკურატურამ დანაშაულის ნიშნები ვერ დაინახა. 

ყოველი შემდგომი ძალადობა იქნება პასუხისმგებლობა არამხოლოდ ბატონი პაპუაშვილის, არამედ პროკურატურის" განაცხადა პროკურატურიდან გამოსულმა ნათია მეზვრიშვილმა.

შალვა პაპუაშვილის წინააღმდეგ პროკურატურაში განცხადება ნათია მეზვრიშვილმა რამდენიმე კვირის წინ შეიტანა. საქმე ეხებოდა პარლამენტის თავმჯდომარის ძალადობრივ რიტორიკასა და კონკრეტულ განცხადებებს, რასაც თავდასხმა მოჰყვა სამოქალაქო აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე