
ქალაქ სამტრედიაში, აღმაშენებლის ქუჩაზე უმძიმესი დანაშაული მოხდა. მოკლულია 70 წლის ქალბატონი და ამ დრომდე სამართალდამცავები მკვლელობაში ბრალდებულს ეძებენ. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მკვლელობაში ბრალდებული იდენტიფიცირებულია და სავარაუდოდ მათი მეზობელი, ახალგაზრდა კაცია. რომლის ადგილსამყოფელის დადგენას ახლა სამართალდამცავები ცდილობენ.
არსებული ინფორმაციით, მკვლელობა ცივი იარაღით, დანით მოხდა, ქალს დანით ოთხი ჭრილობა აქვს მიყენებული. შემთხვევის ადგილზე დიდხანს მუშაობდნენ სამართალდმცავები და კრიმინალისტები.
“ამ დილით გავიგეთ ეს უმძიმესი ამბავი. რა და როგორ მოხდა, დეტალები არ ვიცით და ამას გამოძიება დაადგენს. მოკლულია 74 წლის ავთო ბიბილეიშვილის მეუღლე. ცოლ-ქმარი ცხოვრობდა სახლში მარტო, შვილმკვდარი ოჯახია, წლების წინ შვილი გარდაეცვალათ, ძალიან კარგი ადამიანები არიან, რატომ გაიმეტეს ეს ქალბატონი, ნამდვილად არ ვიცი", - ამბობს "კვირის პალიტრასთან" საუბარში ადგილობრივი.
მეზობლების ვარაუდით, დამნაშავე ადგილობრივია.
"ქათმებს აჭმევდა, ამიტომ წავიდა დილით ადრე ეტყობა, ერთი მეზობელი იმასაც ამბობს, ქალის კივილის ხმა გავიგეთო. რა მოხდა არ ვიცი, ქალის კივილი გავიგონეო. ძალიან მძიმე ამბავია მომხდარი. ავთო ბიბილეიშვილს და მის მეუღლეს, ნინოს, ყველა დადებითად დაგიხასიათებთ. ძალიან კარგი ქალბატონი იყო, 70 წლამდე ასაკის იქნება.
ქათმების დასაპურებლად მისულს იქ ვიღაც დახვდა ეტყობა. უყვირია ნინოს და ეტყობა ხმა გაიგო ავთომ, გარეთ გამოსულა და მეუღლე დახვდა უკვე წაქცეული. არ ვიცით ვინ მიაყენა ჭრილობა. ძალიან განვიცდი. არაჩვეულებრივი ოჯახი აქვთ. წლების წინ გარდაეცვალათ შვილი, ერთი შვილი ჰყავთ, რომელიც იტალიაშია წასული სამუშაოდ. იქ გაიგო ეს უმძიმესი ამბავი. მისი ოჯახის სხვა წევრებიც იქ არიან. როგორც გავიგე, ხვალ ჩამოდიან და ეს საშინელი ამბავი დახვდებათ. მარტო ცოლ ქმარი ცხოვრობდა სახლში. ძალიან კარგი ოჯახია, ძალიან კარგი ქალბატონი, პატიოსანი მთელი ოჯახი, ძვირფასი ოჯახი აქვთ, რატომ დატრიალდა, არ ვიცი", - თქვა კიდევ ერთმა ადგილობრივმა.
მათ ეჭვი იქვე მეზობლად მცხოვრებ ახალგაზრდა ბიჭზე აქვთ. არის ვერსია, რომ იქ მისული ქალი ქურდობის თვითმხილველი გახდა, იცნო მეზობელი და ამიტომ გაიმეტა ეტყობა მან სასიკვდილოდ.
კვირის პალიტრა
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



