რეზონანსი
(17.08.2024)

რუსული საქმე არის ის, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩაიდინა და ეს ფაქტი, ეს მოცემულობა, ეს უმძიმესი ვითარება შექმნა საქართველოში - ოკუპაცია, ლტოლვილები, დაღუპული ქართველი, მშვიდობიანი თუ სამხედრო პირები, ახალი გამოწვევები, რომელიც საქართველოს წინაშე ამ სამხედრო-პოლიტიკური კატასტროფის შედეგად მივიღეთ, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომზე საუბრისას.

ქადაგიშვილის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა ის, რომ რუსეთს ყველა საერთაშორისო დავა ჰააგაში და სტრასბურგში მოუგო, მაშინ როცა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გარდა ამ ომის სამარცხვინოდ დასრულებისა, მოახერხა ის, რომ ისეთ რეზოლუციებს დაუჭირა მხარი, რომელიც ქართულ ჯარს ადანაშაულებდა.

„ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა ის, რომ რუსეთს ყველა საერთაშორისო დავა ჰააგაში და სტრასბურგში მოუგო. ეს მოახერხა „ქართულმა ოცნებამ“. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გარდა ამ ომის სამარცხვინოდ დასრულებისა, მოახერხა ის, რომ ისეთ რეზოლუციებს დაუჭირა მხარი, რომელიც ქართულ ჯარს ადანაშაულებდა, ისეთ საერთაშორისო საგამოძიებო დასკვნას დაეთანხმა, რომელიც სწორედ ქართულ მხარეს სდებდა ბრალს, რომ მან მისცა ლეგიტიმური, სამართლებრივი საშუალება რუსეთს, რომ შემოჭრილიყო და აგრესია განეხორციელებინა. ეს არის ის დანაშაულებრივი ჯაჭვი, რომელიც ომამდე, ომის დროს და ომის შემდეგ განხორციელდა. ამიტომ, აქ ჩვენ რუსეთის მხარეს ახალს კი არ ვამბობთ, ეს სამართლებრივად არის სამწუხაროდ მთელ რიგ დოკუმენტებში მათი ხელმოწერით დაფიქსირებული“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ აუცილებელია „ნაციონალური მოძრაობის“ ქმედებებს მიეცეს პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება, რათა ქვეყანა არ დადგეს სამხედრო-პოლიტიკური კოლაფსის წინაშე.

მმართველი გუნდი „ნაციონალური მოძრაობისთვის“ სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის ემზადება. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დანაშაულებისთვის ყოფილმა სახელისუფლებო ძალამ პასუხი სამართლებრივად უნდა აგოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე