
როგორმე თავი უნდა დავაღწიოთ რუსეთის ორბიტას! საქართველომ უნდა გაიმარჯვოს! ეს გამარჯვება არავისზე ანგარიშსწორება არ იქნება - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგი წერეთელმა "ერთიანობის" ყრილობაზე განაცხადა.
წერეთელის თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ "ვიყოთ ქვეყანა, სადაც ლიბერალური-დემოკრატიული მოწყობა იქნება".
„დღეს უფრო მაღალი ღირებულება, რასაც ერთიანობა ჰქვია არ გვაქვს იმ დემოკრატიული ძალების, რომელსაც გამარჯვების მოტანა შეუძლია. მესმის, რომ ეს პროცესი მარტივი არ არის, როცა ისტორიას ვახსენებთ, არის ბევრი რამ, რომელსაც პოლიტიკური ძალები, პერსონები და ინდივიდები, რაღაც მომენტში დააშოროს ერთმანეთს, მაგრამ ბედნიერი ვარ, როცა ვხედავ, რომ ბევრი პოლიტიკური პარტია და გუნდი, პასუხისმგებლობით ეკიდება ამ საკითხს, რასაც ერთიანობა ჰქვია.
ვფიქრობ, რომ „ევროპულმა საქართველომ“ სწორი ნაბიჯი გადადგა, გვქონდა ყველასთან კონსულტაციები, მადლობა მინდა ვუთხრა ყველა ჩვენს პოტენციურ პარტნიორს, ვისთანაც მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, მაგრამ ვნახეთ, რომ მზადყოფნა, მზაობა, ძალაც და პერსპექტივაც არის „ერთიანობაში“, იმ გუნდი, იმ პარტნიორებთან ერთად ვისთან ერთადაც არის „ევროპული საქართველო“.
ჩვენი პოლიტიკური გუნდი ყოველთვის იყო იმ ღირებულებების ერთგული, რასაც საქართველოს ევროპული, დასავლური მომავალი ჰქვია და მთელი ბრძოლა და ძალ-ღონე იხარჯებოდა და უნდა დაიხარჯოს, რომ ჩვენ როგორმე დავაღწიოთ თავი რუსეთის ორბიტას და ვიყოთ ქვეყანა, სადაც ლიბერალური-დემოკრატიული მოწყობა იქნება. ჩვენ ახალგაზრდების გვჯერა და ვაფასებთ. გვჯერა, რომ ის მუხტი, რომელიც ამ თვეების განმავლობაში არსებობდა, საარჩევნო ენერგიად გარდაიქმნება და არჩევნებზე მოხდება ის ცვლილებები, რომელიც ამ ქვეყანასა და ყველა თაობას სჭირდება.
საქართველომ უნდა გაიმარჯვოს! ეს გამარჯვება არავისზე ანგარიშსწორება არ იქნება, ეს იქნება იმისთვის, რომ ყველამ თავისი ადგილი იპოვოს, ადამიანებს უნდა ესმოდეთ, რომ ისინი ნორმალურ ცივილიზებულ სამყაროში ცხოვრობენ და არა რუსეთის ორბიტაზე მბრუნავ ქვეყანაში. მინდა, წარმატება ვუსურვო ამ კოალიციას, რომლის ნაწილიც „ევროპული საქართველო“ გახდა და ოქტომბერში, მგონი, ვიზეიმებთ იმ ცვლილებას, რომელსაც ყველა ელოდება, რომელსაც მსოფლიოშიც ელოდებიან, არა მარტო საქართველოში“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.
ცნობისთვის, "ერთიანობას" "ევროპული საქართველო" შეუერთდა. ამის შესახებ ყრილობაზე "ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგი წერეთელი. "ქორთიარდ მარიოტში" შეკრებაზე იმყოფებოდა ასევე აკაკი ბობოხიძეც. ასევე ცნობილი გახდა, რომ კობა ნაყოფია "ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის" კომიტეტს უხელმძღვანელებს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



