
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ "მაიმუნის ყვავილთან" დაკავშირებით გლობალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობა კიდევ ერთხელ გამოაცხადა. ეს გადაწყვეტილება ვირუსული ინფექციის კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და მის მეზობელ ქვეყნებში გავრცელებას მოჰყვა.
არსებული ინფორმაციით, დაავადების თავდაპირველი გავრცელების შედეგად, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში უკვე 450 ადამიანი გარდაიცვალა, დაავადება ცენტრალური და აღმოსავლეთ აფრიკის სხვა ნაწილებშიც გავრცელდა.
კორონავირუსის პანდემიით შეშინებულ საზოგადოებას ყოველი ახალი ვირუსის გამოჩენისას წარსულის გამოცდილება ახსენდება: უამრავი შეზღუდვა, პირბადით გადააადგილება და დისტანციურ რეჟიმზე გადასული ცხოვრების წესი... კორონავირუსის პანდემიის პერიოდში საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ახალი ვირუსის, "მაიმუნის ყვავილის" შესახებ, თუმცა იმ პერიოდში მედიაში აღნიშნავდნენ, რომ ის ისეთი საშიში არ იყო, როგორც - კორონავირუსი.
„მაიმუნის ყვავილს“ ორი შტამი აქვს - ცენტრალური და დასავლეთაფრიკული. ის ენდემური დაავადებაა, თუმცა, საინტერესოა, რომ არაენდემურ არეებში გავრცელდა, კერძოდ, 20-ზე მეტ ქვეყანაში. შემთხვევები, ძირითადად, არის მამაკაცებში, კანთან ახლო კონტაქტით აღმოცენებული, ცხოველებთან ან აფრიკაში მოგზაურობის ისტორია არც ერთ მათგანს არ აქვს.
„მაიმუნის ყვავილი“ ეპიდემიოლოგიურად ცოტა გაურკვევლობას ტოვებს და მოლოდინის წინაშე გვაყენებს. ადამიანებთან აუცილებელია 3 საათზე მეტი 2-მეტრიანი კონტაქტი, რომ დავინფიცირდეთ. ეს არ არის ინფექცია, რომელიც დაცემინებით გავრცელდება, მას დიდი პანდემიის გამოწვევა 99%-იანი ალბათობით არ შეუძლია. ქვეყანას ამ მიმართულებით მზაობა უნდა ჰქონდეს, არც ვაქცინა გვაქვს და არც ანტივირუსული პრეპარატი. დარწმუნებული ვარ, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს განაცხადი აქვს გაკეთებული და მედიკამენტი ხელმისაწვდომი იქნება“, - აღნიშნავდა 2022 წელს ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი, როცა საზოგადოება ახალი ვირუსის შესახებ ალაპარაკდა.
როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, „მაიმუნის ყვავილს“ 3-დან 17 დღემდე საინკუბაციო პერიოდი ახასიათებს. თავდაპირველად სიმპტომები გრიპს ჰგავს. ვირუსს ცხელება, თავის ტკივილი, ლიმფური ჯირკვლების შეშუპება, შემცივნება, ზურგის ტკივილი, კუნთების ტკივილი და მოთენთილობა ახასიათებს.
შემდეგ კი ჩნდება გამონაყარი სახესა და სხეულზე, მათ შორის - პირის ღრუში, ხელის გულებზე და ტერფებზე. სითხიანი გამონაყარი ეტაპობრივად წითლდება, ფუფხად გარდაიქმნება და 2-4 კვირაში თავისით ქრება. გამონაყარის შემდეგ შეიძლება კანზე ნაწიბურებიც დარჩეს.
როგორც გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, ინფექცია 14-დან 21 დღემდე გრძელდება.
კვირის პალიტრა
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



