
კოალიცია “ძლიერი საქართველოსთვის” წევრი ანა ნაცვლიშვილი “ქართული ოცნების” მიერ წარდგენილ დელეგატთა სიას გამოეხმაურა. მისი აზრით, წარდგენილ ადამიანებს მოსახლეობის ინტერესებთან საერთო არაფერი აქვს.
„რუსეთის მსახური ხელისუფლება გარდაუვალად მარცხდება 26 ოქტომბრის არჩევნებზე. ამის კიდევ ერთი დასტურია მათ მიერ, გუშინ წარდგენილი საარჩევნო სია ე.წ დელეგატებისა, ოდიოზური ფიგურების, რომლებსაც არასდროს არანაირი კავშირი არ ჰქონიათ ქართველ ხალხთან. ისინი საქართველოს მოქალაქეებს და მათ ინტერესებს არასდროს წარმოადგენდნენ. ესენი არიან კორუმპირებული, ადგილობრივი ფეოდალები. კორუფციის გზით დაგროვილი ქონებით ცდილობენ ხმების მობილიზებას, მათ შორის, ადგილებზე არაკანონიერი გზით და სწორედ, მათზე აკეთებს გათვლას “ქართული ოცნება”. მინდა მათ ვუთხრა, რაც არ უნდა დაარქვან ამ ადამიანებს, უნდათ დელეგატები უნდათ სხვა რამ, ფაქტი ერთია - მაჟორიტარული სისტემა საქართველოს კონსტიტუციით გაუქმებულია. ტყუილია, რომ ეს ადამიანები იქნებიან ახალი მაჟორიტარები, რასაც “ქართული ოცნება” საზოგადოებას ეუბნება. ესენი არიან ძველი სახეები, კორუმპირებული ადგილობრივი ფეოდალები. სახელის ცვლილებით მათი ბუნება არ შეიცვლება. ქართველი ამომრჩეველი მათ კარგად იცნობს. ესენი არიან ადამიანები მკაფიოდ გამოხატული პრორუსული ხაზით. ბევრი მათგანი, “რუსული კანონის” მხარდამჭერია, რომელთაც არაფერი აქვთ საერთო საქართველოს ინტერესებთან. ესენი წარსულის ადამიანები არიან და 26 ოქტომბრის არჩევნებზე ქართველი ხალხი წარსულის ადამიანებს საკადრის ადგილს მიუჩენს. საქართველო კი გააგრძელებს წინსვლას. განვითარებას, პროგრესს ძლიერი სახელმწიფოს ასაშენებლად.
ჩვენ წლებია ვხედავთ რას ეყრდნობა “ქართული ოცნება” საარჩევნოდ. ეს არის შავი ფული, კორუფცია, ადგილობრივი ფეოდალები, რომლებსაც მოხვეჭილი აქვთ ძალაუფლება და შემდეგ ამ ძალაუფლებით ვაჭრობენ. [ხალხს] აიძულებენ არჩევანი მათ სასარგებლოდ გააკეთონ. მაგრამ როდესაც პარლამენტში არიან წარმოდგენილი, არაფერს აკეთებენ ადგილობრივი მოქალაქეების ინტერესების და მათი უფლებების დასაცავად. ეს არის ის საყრდენი, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” გამოიყვანა ამ არჩევნებზე”, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



