რეზონანსი
(15.08.2024)

ჩვენ პარლამენტში გვქონდა იმაზე მსჯელობა, თუ რა ფორმა გამოგვენახა შემდეგი მოწვევის პარლამენტში, იმისთვის, რომ ის დანაკლისი, რომელსაც მაჟორიტარული სისტემიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ავტომატურად წარმოიშობოდა, შეგვევსო - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დელეგატებზე საუბრისას განაცხადა.

„ამ საკითხზე სხვადასხვა, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, საბოლოო ჯამში პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ზედმეტი ფორმალიზების გარეშე მიეცა ყველა პარტიისთვის შესაძლებლობა, რომ პარტიულ სიაში გამოეყო ადამიანები, რომლებიც პასუხისმგებელი იქნებოდნენ ამა თუ იმ რეგიონზე.

აქედან გამომდინარე არის რომ ჩვენ ყველა ამ ოლქში დავასახელებთ ჩვენს დელეგატს, იმისთვის, რომ მომავალ პარლამენტში ყველა რეგიონს, როგორც აქამდე, ჰქონდეს გარკვეული განცდა, რომ პარლამენტში არის ადამიანი, რომელიც უშუალოდ მისი საკონტაქტო პირია და ზრუნავს ამ რეგიონზე.

ვფიქრობ, რომ მართალია სრულად ვერ შევძლებთ ამ დანაკლისის შევსებას, მაგრამ გარკვეულწილად მცდელობა არის ეს რომ ხიდი პარლამენტსა და რეგიონებს შორის კვლავ შენარჩუნდეს. ის კონტაქტი და შესაძლებლობა რაც აქვთ მოქალაქეებს ეს ისევ ჰქონდეთ" - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე