
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქში დაახლოებით 20-ზე მეტი კადიროველი ტყვედ აიყვანეს. ინფორმაცია და კადრები უკრაინის შეიარაღებული ძალების პროექტმა - Хочу жить-მა 11 აგვისტოს გამოაქვეყნა.
ინფორმაციის თანახმად, დატყვევებული სამხედროები სპეცრაზმ - ახმატიდან არიან.
"რეიდერთა ჯგუფმა ეს კადიროველები საზღვრიდან ღრმა ზურგში გამოიჭირა. მათი თქმით, ცდილობდნენ გაქცეულიყვნენ, რათა ტყვედ არ ჩავარდნილიყვნენ, რადგან რამზან კადიროვმა ერთხელ თქვა, რომ ახმატის მებრძოლები ტყვედ არ ბარდებიან", - წერია ვიდეოს აღწერაში, რომელსაც Хочу жить აქვეყნებს.
ამ პოსტის გამოქვეყნებამდე ნახევარი საათით ადრე რამზან კადიროვი წერდა, რომ ახმატის მებრძოლებმა, საზღვაო ქვეითთა 810-ე ცალკეულ გვარდიულ ბრიგადასთან ერთად, უკრაინული ტექნიკის კოლონა და სამხედროები გაანადგურეს.
გავრცელებულ ვიდეოზე რამზან კადიროვს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. მანამდე ახმატის მეთაურმა აპტი ალაუდინოვმა უკრაინელების წარმატებაში კურსკის ოლქში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს "ზოგიერთი ხელმძღვანელი" დაადანაშაულა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



