
გუშინ, ღამის საათებში, ბათუმში, ერთ-ერთ რესტორანთან სროლა იყო. შედეგად, რამდენიმე ადამიანი დაჭრეს.
ფაქტი კაჩენსკების ქუჩაზე მოხდა. სამივე დაჭრილი რესტორნის თანამშრომელია. მათგან 2 მიმტანი, ერთი კი სამზარეულოში დასაქმებული გოგო. მძიმე დაზიანება არც ერთს არ მიუღია, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთს ოპერაცია დასჭირდა. სავარაუდოდ, დაზარალებულებს ბრმა ტყვია მოხვდათ, რომლის სამიზნე სხვა იყო.
დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. დაპირისპირების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
არსებული ინფორმაციით, იდენტიფიცირებულია სავარაუდო თავდამსხმელი. ის თურქეთის მოქალაქეა, თუმცა სამართალდამცველებს ჯერ არ დაუკავებიათ.
შსს-მ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო: ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებისა და იარაღის უკანონო ტარების.
“თანამშრომლები გავდიოდით, ტაქსი გამოძახებული იყო და მივდიოდით შინ. უცებ მოხდა ყველაფერი. ტაქსი რომ გამოიძახეს და გამოვიდნენ, უკვე სროლა იყო...“
“სროლა გაისმა შვიდჯერ. მერე ყველა გაიქცა. დავბრუნდი უკან, ერთი ქერათმიანი გოგო იყო, სადღაც 23-დან 27 წლამდე იქნებოდა. მე რომ მოვედი, ცოცხალი იყო“, - აცხადებენ “რუსთავი 2“ თან თვითმხილველები.
დაშავებულების თანამშრომლები შემთხვევის დეტალებს იხსენებენ “ტელეკომპანია პირველთან“:
“თანამშრომელია დაჭრილი. 5 წუთით გამოვიდა, ტაქსი ელოდებოდა და კივილის ხმა მოგვესმა: “ვაიმე, დედა, მიშველეო“. შემოვიდნენ თანამშრომლები და დაჭრესო. 3 ადამიანია დაჭრილი. ერთი საოპერაციოა. კონფლიქტი მანამდე არ ყოფილა“.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



