რეზონანსი
(08.08.2024)

"16 წელი გავიდა ომიდან და 12 წელი გავიდა, რაც ეს ქვეყანა "ქართულ ოცნებას" მიჰყავს რუსეთის მიმართულებით" - ამის შესახებ განცხადება "ძლიერი საქართველოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ აგვისტოს ომის 16 წლისთავთან დაკავშირებით გააკეთა.

მამუკა ხაზარაძე დარწმუნებულია, რომ ივანიშვილის ხელისუფლება რუსეთ-საქართველოს ომს სრულყოფილად არ გამოიძიებს და ამბობს, რომ "თუ ვინმე დასაჭერი იყო, უამრავი დრო ჰქონდათ ამისთვის".

ეს არის წინასაარჩევნო ახალი ტრიუკი, ბიძინას ტერმინი რომ გამოვიყენოთ. 16 წელი გავიდა ომიდან და 12 წელი გავიდა, რაც ეს ქვეყანა "ქართულ ოცნებას" მიჰყავს რუსეთის მიმართულებით. ამიტომ მეტი კომენტარი ამაზე არ შეიძლება. თუ ვინმე გასამართლებელი იყო და დასაჭერი, უამრავი დრო ჰქონდათ ამისათვის", - ამბობს ხაზარაძე.

აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა - 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაცია, საერთაშორისო სამართლის დარღვევით შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე, შელახა საქართველოს სუვერენიტეტი, ჩაიდინა ომის დანაშაულები და დანაშაულები კაცობრიობის წინააღმდეგ, რასაც, მათ შორის, მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლის მოსპობა და 26,888 ადამიანის (9,081 ოჯახის) იძულებითი გადაადგილება მოჰყვა.

მიუხედავად ამისა, საქართველოს მთავრობა და რუსეთი 2008 წლის ომის დაწყებას კვლავინდებურად, 8 აგვისტოს აღნიშნავენ.

რუსეთის ფედერაციის მხრიდან მოყენებული ზიანი განგრძობადია. კვლავ პრობლემურია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა და ეთნიკური ქართველების შევიწროება. ამასთან, პრობლემად რჩება მცოცავი ოკუპაცია, უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია და საოკუპაციო ხაზის მახლობლად მცხოვრებ პირთა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები.

საოკუპაციო რეჟიმმა კიდევ უფრო დაამძიმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის პირთა დაკავებების უკანონო პრაქტიკა, რაც გრძელვადიანი უკანონო პატიმრობის შემთხვევების გახშირებაში გამოიხატება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე