რეზონანსი
(08.08.2024)

აგვისტოს ომის 16 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს ყოფილი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მარტო მივიდა. 

იმ დროს, როდესაც "ქართული ოცნების" ლიდერები გმირულად დაღუპული ჯარისკაცებისთვის პატივის მისაგებად სასაფლაოზე ორგანიზებულად მიდიოდნენ, ირაკლი ღარიბაშვილი ადგილზე ივანიშვილის ხელისუფლების წარმომდგენლებისგან დამოუკიდებლად გამოჩნდა. 

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ამ დროისთვის "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი არ გამოჩენილა.

აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა - 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაცია, საერთაშორისო სამართლის დარღვევით შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე, შელახა საქართველოს სუვერენიტეტი, ჩაიდინა ომის დანაშაულები და დანაშაულები კაცობრიობის წინააღმდეგ, რასაც, მათ შორის, მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლის მოსპობა და 26,888 ადამიანის (9,081 ოჯახის) იძულებითი გადაადგილება მოჰყვა.

მიუხედავად ამისა, საქართველოს მთავრობა და რუსეთი 2008 წლის ომის დაწყებას კვლავინდებურად, 8 აგვისტოს აღნიშნავენ.

რუსეთის ფედერაციის მხრიდან მოყენებული ზიანი განგრძობადია. კვლავ პრობლემურია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა და ეთნიკური ქართველების შევიწროება. ამასთან, პრობლემად რჩება მცოცავი ოკუპაცია, უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია და საოკუპაციო ხაზის მახლობლად მცხოვრებ პირთა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები.

საოკუპაციო რეჟიმმა კიდევ უფრო დაამძიმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის პირთა დაკავებების უკანონო პრაქტიკა, რაც გრძელვადიანი უკანონო პატიმრობის შემთხვევების გახშირებაში გამოიხატება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე