რეზონანსი
(26.07.2024)

დასავლეთის გარკვეული წრეები ცდილობენ, რომ ამ ოპოზიციას სასიცოცხლო ჟანგბადი მისცენ, 26 ოქტომბრამდე რამენაირად სული მიატანინონ, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა „დღის ქრონიკაში" საქართველოს ხელისუფლების მიმართ დასავლეთიდან კრიტიკული განცხადებების შეფასებისას.

ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველომ გლობალური დაპირისპირებისა და ტურბულენტობის პირობებში მოახერხა და არ ითამაშა ვიღაცის თამაში.

„ანუ ჩვენ ვიღაცის კლიენტები არ გავმხდარვართ. ჩვენ ჩვენი ქვეყნის, ერის და მოქალაქეების ინტერესები დავიცავით პირველ რიგში და რეალურად ქვეყანას ავარიდეთ ძალიან მძიმე განსაცდელები. აქედან გამომდინარე, ეს უცხოეთში გავლენიანი წრეების პოლიტიკასთან წინააღმდეგობაში მოვიდა. ამიტომ ჩვენი ქვეყნის და ხელისუფლების საწინააღმდეგო განცხადებები კეთდება სწორედ ამ ჩვენი პოზიციის გამო, რომელიც ჩვენ ჩვენი ქვეყნის ინტერესების გამო დავიცავით.

მაგრამ ამავე დროს ხედავენ ისინი, რომ ეს ოპოზიცია არის ჩამოქცეული, უხეირო ოპოზიციაა. ამიტომ რაღაც განცხადებები უნდა აკეთონ, რომელიც რეალურად არის ქვეყნის შიდა პოლიტიკაში და არჩევნებში ჩარევა და სწორედ ამ განცხადებებით საზრდოობს ოპოზიცია. შიგნით მათ არაფერი პოზიტიური არ გაუკეთებიათ და არც უთქვამთ. ამიტომ ამ გარე განცხადებებით, რომ დასავლეთი საქართველოს წინააღმდეგ არის, უნდათ, ხალხს დააჯერონ, ჩვენ მოგვეცით ხმაო. ეს არის ის, რითაც დასავლეთის გარკვეული წრეები ცდილობენ, რომ ამ ოპოზიციას სასიცოცხლო ჟანგბადი მისცენ, 26 ოქტომბრამდე რამენაირად სული მიატანინონ.

საქართველოს მოსახლეობამ კარგად იცის, ვინ დაიცვა საქართველოს ინტერესები და ვინ - სხვის დაკრულზე იცეკვა ამ ხნის განმავლობაში ისე, რომ ერთხელ არ გახსენებიათ ის საფრთხეები, რაც საქართველოს წინაშე შეიძლება, ამ ხნის განმავლობაში დამდგარიყო", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მან საქართველოს თემაზე აშშ კონგრესში გამართულ მოსმენაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ იქ იყო ზერელე განცხადებები და არც ერთი განცხადების უკან არ მოუყვანიათ არც ერთი კონკრეტული ფაქტი, თუ რატომ არის საქართველოში დემოკრატია საფრთხის ქვეშ.

„ჩვენ ვხედავთ და მოსახლეობაც კითხულობს, რომ საქართველო ყველა ობიექტური კვლევით - მსოფლიო ბანკი იქნება, სავალუტო ფონდი თუ სხვა საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაცია, არის პროგრესის შეუქცევად გზაზე ყველა მიმართულებით ეკონომიკიდან დაწყებული, დემოკრატიის ხარისხით დამთავრებული. ამ დროს მოლდოვაში პარტიებია შეზღუდული, ტელევიზიებია გაუქმებული, უდიდესი კორუფციაა ქვეყანაში, მაგრამ ამ შემთხვევაში მოლდოვა არ აინტერესებთ და მოლდოვაზე ხელის გადასმის პოლიტიკაა.

მაგრამ ჩვენ იმის გამო, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესები უფრო წინ დავაყენეთ, გარკვეულწილად პასუხი უნდა ვაგოთ. ამიტომ მცდელობა არის, რომ მოიყვანონ ისეთი ხელისუფლება, რომელიც ყველა დაკვეთა ადვილად შეასრულებს, მაგრამ ასეთი ხელისუფლების მოყვანა ადვილი არ არის იმიტომ, რომ ჩვენი ოპოზიცია გაკოტრებულია", - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე