
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) სპორტული დირექტორის, კიტ მაკონელის განცხადებით, პარიზის ოლიმპიური თამაშებისთვის 8,8 მილიონზე მეტი ბილეთი გაიყიდა.
„8,8 მილიონ ბილეთზე მეტია გაყიდული - წარმოუდგენელი ციფრია", - ამბობს მაკონელი. ირკვევა, რომ ოლიმპიურ თამაშებზე გაყიდული ბილეთების ეს რაოდენობა რეკორდულია. აქამდე ამგვარი რეკორდი ეკუთვნოდა ატლანტის 1996 წლის თამაშებს - 8,3 მილიონი ბილეთი.
„პარიზი-2024"-ის საორგანიზაციო კომიტეტის მონაცემებით, ჯერ კიდევ არის ხელმისაწვდომი 1,2 მილიონი ბილეთი. მათ შორის, არის საფეხბურთო მატჩებზე, ასევე კალათბურთზე, ხელბურთსა და სპორტის კიდევ რამდენიმე სახეობაზე დასასწრები ბილეთები.
IOC-ის სპორტული დირექტორი ასევე აღნიშნავს, რომ თამაშების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში „მონაწილეობს სხვადასხვა სამსახურის, დაახლოებით 30 ათასი თანამშრომელი".
პარიზში XXXIII ოლიმპიური თამაშები ოფიციალურად 26 ივლისს გაიხსნება.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



