რეზონანსი
(20.07.2024)

გრიფით საიდუმლო საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოკითხვაზე უკრაინაში მებრძოლი კიდევ ერთი ადამიანი, ნადიმ ხმალაძე დაიბარა. ამის შესახებ ხმალაძემ სოციალურ ქსელში თავად დაწერა.

„მე, ნადიმ ხმალაძეს, ტერორიზმის და სახელმწიფო გადატრიალების მუხლით მიბარებს სუსი", - წერს ხმალაძე.

გამოძიებას კითხვები უკვე 3 პირთან აქვს. ერთ-ერთი მათგანი, ლაშა ჭიღლაძე, უკვე წარსდგა მაგისტრი მოსამართლის წინაშე. ამავე საქმეზე, სუს-ში დაბარებულია ვაჟა ცეცაძეც. სავარაუდოდ, ისიც შეთქმულებისა და ტერორიზმის საქმეზე გამოიკითხება. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 2 მუხლით არის აღძრული, თუმცა მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოკითხული უკრაინაში მებრძოლი ქართველი და მისი ადვოკატი ტერორიზმის მუხლს საერთოდ არ ახსენებდნენ და მხოლოდ 315-ე მუხლზე საუბრობენ, რომელიც შეთქმულებას ან ხელისუფლების დამხობის მიზნით ამბოხებას გულისხმობს.

საქმე 315-ის გარდა, 18-323-ითაც არის აღძრული, რაც ტერორიზმის მომზადებას ეხება.

იმის გამო, რომ საქმე გრიფით საიდუმლოა, უწყება სხვა დეტალებს, ამ ეტაპზე, არ ასაჯაროებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე