რეზონანსი
(19.07.2024)

შუა დერეფნის ტრენდი მზარდია და მიხარია, რომ ეს არ არის ნახტომისებური ზრდა და არის გამიზნული პოლიტიკის შედეგი, - ამის შესახებ „იმედის დილის" რუბრიკის - Business Insider Georgia-ს ეთერში, ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გურამ გურამიშვილმა ისაუბრა.

მისი თქმით, წინა წლებთან შედარებით შუა დერეფნის ყველა მიმართულებით მაჩვენებლები მკვეთრად გაზრდილია.

„საკმაოდ დადებითი ტენდენციით დაიწყო ეს წელიწადი. პირველი 5 თვის განმავლობაში ჩვენ გვაქვს ზრდა საერთაშორისო გადაზიდვების მიმართულებით და მან შეადგინა 11.3 მილიონი ტონა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 5%-ით აღემატება. საერთაშორისო გადაზიდვის ნაწილში მნიშვნელოვანია ტრანზიტის როლი და ჩვენ წელს გვაქვს უკვე 7 მილიონი ტონა, რაც შარშანდელ მაჩვენებელზე 5.8%-ით მეტია. რაც შეეხება პორტებში გადაზიდული ტვირთებისა და გადამუშავებული ტვირთების რაოდენობას აქაც ზრდა არის და 5.6 მილიონი ტონა შეადგინა, რაც ასევე 5,3%-ით მეტია შარშანდელ ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. კონტეინერებზე ვიტყოდი, რომ შარშან გვქონდა კოლოსალური ზრდა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, 47%-იანი ზრდა არასდროს ყოფილა და შარშან დაფიქსირდა, რამაც შეადგინა 701 მილიონი საკონტეინერო პირობითი ერთეული. წელს ანალოგიურ ტრენდს ვინარჩუნებთ და დიდი ალბათობით შარშანდელი მაჩვენებლის გამეორება დაფიქსირდება",- აღნიშნა გურამიშვილმა.

მისი თქმით, შუა დერეფნის ზრდა გეგმაზომიერი, დაგეგმილი და გააზრებული პოლიტიკის შედეგია.

„ტრენდი მზარდია და მე მიხარია, რომ ეს არ არის ნახტომისებური და არის გამიზნული პოლიტიკის შედეგად, რომელსაც ქვეყნის მთავრობა და სატრანსპორტო ამოცანის შესასრულებლად კერძო კომპანიები ასრულებენ. სწორედ გეგმაზომიერი, დაგეგმილი და გააზრებული პოლიტიკის შედეგად არის გონიერი ზრდა, რომელიც მიჰყვება პროპორციულად ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას. ქვეყანაში მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება ჩვენი საგზაო რუკის მიხედვით, რომელიც შეთანხმებულია ჩვენს პარტნიორებთან და გამოვყოფდი რკინიგზის მოდერნიზაციის და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას",- განაცხადა გურამიშვილმა.

გურამიშვილის თქმით, შუა დერეფნის ტარიფები ოპტიმალური, კონკურენტული და ეფექტური პირობებით დგება წელიწადში რამდენჯერმე.

„პარტნიორებთან მოლაპარაკებები შუა დერეფნის ტარიფებთან დაკავშირებით გრძელდება პერმანენტულად და საკმაოდ წარმატებულად. რეალურად, შუა დერეფანი ჩამოყალიბდა და ჩვენ ეს პროექტი გარე სამყაროს შევთავაზეთ ტრანსკასპიური მარშრუტის საფუძველზე, რომელიც დაიწყო საქართველოს, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის რკინიგზის ინიციატივით. დღეს უკვე ეს შემდგარი პროექტია და წელიწადში რამდენჯერმე სარკინიგზო ადმინისტრაციები იკრიბებიან და ადგენენ შეთანხმებულ ტარიფებს, რომელიც არის ოპტიმალური, კონკურენტული და ეფექტური. გარდა დროში პროგრესისა, რომელიც ამ კორიდორმა განიცადა და მაღალი ხარისხის სერვისი შესთავაზა, ასევე დაბალანსდა ტარიფები და შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს ფაქტორს შუა დერეფანში. საქართველოში უკვე 31%-ით არის გაზრდილი პირდაპირი მიმოსვლის სიხშირე ევროპულ ქვეყნებთან, ჩვენი საზღვაო პორტებიდან, საბორნე გადასასვლელს ვგულისხმობ და ეს პირდაპირი დაკავშირებადობის პირველი ნაბიჯია, რომელიც საქართველოს მთავრობისა და კერძო სექტორის ხელშეწყობით განხორციელდა. ჩვენ ამ მიმართულებით ვაგრძელებთ მუშაობას და წლის განმავლობაში გვექნება ხელშესახები პროგრესი",- აღნიშნა გურამიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე