რეზონანსი
(17.07.2024)

ევროპული არჩევანი არის ეროვნული არჩევანი, ეს არის ყველზე მთავარი ამბავი, ვინც სხვანაირად ამბობს, ის არის ან გზააბნეული, ან ჩვენი მტრის წისქვილზე ასხამს წყალს, - ამის შესახებ „ლელოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ „ლელოს", „ანა დოლიძე-ხალხისთვის" და მოძრაობის „თავისუფლების მოედანი" გაერთიანებასთან დაკავშირებით მიმდინარე ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ხაზარაძის თქმით, სწორედ „ეროვნული არჩევანია ის, რასაც ჩვენ, დღეს ვაკეთებთ და ერთობით აუცილებლად გავიმარჯვებთ".

ხაზარაძემ ისაუბრა 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე და განაცხადა, რომ ეს არის წყალგამყოფი არჩევანი.

„ყველას გვინდა ერთი რამ, ჩვენ გვინდა ძლიერი საქართველო. ჩვენ გვინდა ფეხზე დამდგარი, წელში ეკონომიკურად გამართული, ძლიერი ქვეყანა. ჩვენ გვინდა ჩვენი შვილებისთვის მშვიდობა, სტაბილური განვითარება. ჩვენ გვინდა ადგილი. სადაც საქართველოს მიეცემა თავისი ძვირფასი ტრადიციების, თავისი მომავლის ყველაზე კარგად წარმოჩენის საშუალება - ეს ადგილი არის ევროპა.

ჩვენ არ ვართ პატარა ერი, არც პატარა ქვეყანა ვართ, ჩვენ ვართ დიდი ტრადიციების, დიდი ისტორიის ქვეყანა. ამიტომ, ამ გადამწყვეტ ბრძოლაში, რატომ არის გადამწყვეტი, იმიტომ, რომ ასეთი კრიტიკული ზღვარი დამოუკიდებლობის მიღებიდან ჩვენს ქვეყანას არცერთ არჩევანზე არ ჰქონია. ასეთი რადიკალური შემოტრიალება ჩვენი ქვეყნის არჩევანის სხვა მიმართულებით, რასაც რუსული ჭაობი ჰქვია, არ დამდგარა ჩვენი ქვეყნის წინაშე, ამიტომ ყოველგვარი გადამეტების გარეშე, არჩევნები, რომელიც მოდის 26 ოქტომბერს, არის წყალგამყოფი ოკუპანტის უღელსა და თავისუფალ სამყაროს შორის.

ერთი რამ არის საჭირო, რასაც ჰქვია ერთობა. რადგან ბრძოლა არის დიდი და ძლიერ საქართველოს გაერთიანების გარეშე ჩვენ ვერ დავაყენებთ ფეხზე. ამიტომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ არაჩვეულებრივ ადამიანებთან, არაჩვეულებრივ მებრძოლ ხალხთან - ანა დოლიძესთან, რომელიც მთელი ცხოვრება, რაც თავი მახსოვს ებრძვის უსამართლობის წინააღმდეგ , იბრძვის იმისთვის, რომ ქვეყანა იყო ნათელი, გამჭვირვალე, იყოს გამჭვირვალე და მოწესრიგებული სასამართლო სისტემა, რომ შვილები და ბავშვები არ შიმშილობდნენ და უამრავი რამ, რისთვისაც ანას თავისი ენერგია და ცოდნა აქვს ჩადებული. მიხარია, რომ ლევანი, რომელიც მთელი თავისი პროფესიული მოღვაწეობის გარშემო,თავის არაჩვეულებრივ მეგობრებთან ერთად, რომლებთანაც ვმეგობრობ ბავშვობიდან, სტუდენტობიდან, ყველა ეს ადამიანი არის პროფესიონალიზმით გამორჩეული. არასდროს იღებდნენ პოლიტიკაში მონაწილეობას, მაგრამ ქვეყნისთვის ყველა მიმართულებით ძალიან სერიოზულ ფუნდამენტს ქმნიდნენ. ეს არის განათლება, მეცნიერება, ჯანდაცვა თუ ნებისმიერ რამ. მე ვარ ბედნიერი, რომ ლევანმა და მისმა მეგობრებმა მიიღეს ყველზე სერიოზული გადაწყვეტილება , შემოსულიყვნენ პოლიტიკაში", - განაცხად ხაზარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე