
"ქართული ოცნების" დეპუტატი ნინო წილოსანი ამტკიცებს, რომ განცხადებები პრეზიდენტის კანდიდატების დაბლოკვის შესახებ არასწორია და რეალურად, კონსპირაციებს ადგილი არ აქვს. ამასთან, წილოსანი ამბობს, რომ კონკრეტულ შემთხვევაზე, რომელიც პრეზიდენტის მიერ სების საბჭოს წევრობის კანდიდატს ეხება, ინფორმაცია არ აქვს.
თავად სალომე ზურაბიშვილის წარმოდგენილი ორი კანდიდატი იქნა არჩეული ეროვნულ ბანკში ბოლო პერიოდის განმავლობაში, ამიტომ აქ ნამდვილად კონსპირაციებზე ვერ ვისაუბრებ და ამ კონკრეტულ შემთხვევაში ნამდვილად არ მაქვს ინფორმაცია, რატომ ვერ მოესწრო ან რატომ ვერ მოხერხდა ან რა საჭიროება არ არის ან რა საჭიროება არის ამ კანდიდატთან დაკავშირებით, - ამბობს წილოსანი.
პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის ახალმა დაპირისპირებამ იფეთქა. სალომე ზურაბიშვილი "ქართულ ოცნებას" მისი კანდიდატურების დაბლოკვაში ადანაშაულებს. საქმე ეხება ეროვნული ბანკის მმართველი საბჭოს ახალ წევრს, რომელიც პრეზიდენტმა კონკურსის წესით შეარჩია, თუმცა გაურკვევლი მიზეზის გამო პარლამენტი ეკატერინე ღაზაძეს არც ამტკიცებს და არც განხილვაზე უშვებს. ზურაბიშვილმა დასამტკიცებლად კანდიდატურა პარლამენტს 4 თვის წინ წარუდგინა, თუმცა პროცესი "ოცნებამ" გაყინა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



