
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ „თბილსერვისის“ ახალი სპეცტექნიკა წარადგინა. მან ფინანსური მხარდაჭერისთვის „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს“ მადლობა გადაუხადა.
„დღეს საზოგადოებას მინდა, წარვუდგინო მნიშვნელოვანი სპეცტექნიკა, რომელიც შეიძინა მუნიციპალიტეტმა. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ გარემოზე, ეკოლოგიის გაუმჯობესებაზე, ამ ყველაფერზე ზრუნვა ტექნიკის გარეშე შეუძლებელია. მინდა, მადლობა გადავუხადო „თბილსერვისის“ თითოეულ თანამშრომელს, ხელმძღვანელს. ასევე, მინდა, მადლობა გადავუხადო საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციას „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს“ მხარდაჭერისთვის იმიტომ, რომ მათი ფინანსური მხარდაჭერით მოხდა აღნიშნული პროექტის განხორციელება. ჩვენ შევიძინეთ 65 ერთეული სპეცტექნიკა, 52 უკვე ადგილზეა. აქ არის სხვადასხვა სახის მანქანები, რომლებიც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენი ქუჩები იყოს სუფთა, მოხდეს ნარჩენების უსაფრთხო, დროული და უპრობლემო გატანა დედაქალაქიდან. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს იმას, რომ „თბილსერვისი“ მუშაობდეს შეზღუდვებისა და შეფერხებების გარეშე“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა პრიორიტეტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ერთ-ერთი გარემოზე და ეკოლოგიაზე ზრუნვაა.
„მინდა, გავიხსენო 2017 წელი, როდესაც ჩვენ ვატარებდით საარჩევნო კამპანიას, ის შედგებოდა 7 ძირითადი მიმართულებისგან. ერთ-ერთი მთავარი იყო გარემოს დაცვა, ეკოლოგიაზე ზრუნვა, რადგან ამ მიმართულებით არსებობდა სერიოზული პრობლემები, გამოწვევები. გვახსოვს ჩვენ, როდესაც, მაგალითად რეკრეაციული სივრცეების, სპორტული მოედნების გასხვისება ხდებოდა, იმისთვის, რომ შემდეგ იმ კონკრეტულ არეალებში განხორციელებულიყო გარკვეული სახის მშენებლობები.
რა თქმა უნდა, ჩვენი მოსვლის შემდეგ და მას შემდეგ, რაც დედაქალაქის მოსახლეობამ მხარის დაგვიჭირა 2017 წელს, შეიცვალა მიდგომები, პოლიტიკა და დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი, ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი გახლავთ ზრუნვა გარემოზე, ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორება. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა რეკრეაციულ სივრცეებს, ჩვენ მოგვიწია ბევრი არეალის გამოსყიდვა, რომელიც გასხვისებული იყო სხვადასხვა სამშენებლო მიზნისთვის და იქ გაშენდა პარკები, სკვერები. მოგვიწია ასევე გასხვისებული სტადიონების დაბრუნება, რომლებიც დღეს ემსახურება ჩვენს პატარებს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



