რეზონანსი
(12.07.2024)

ამერიკის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის კანდიდატურას აშკარა აღსასრული ელის. ამის შესახებ CNN-ი წერს. ამერიკული მედიის ცნობით, მართალია, ნატოს სამიტის დასასრულს გამართულ პრესკონფერენციაზე დაშვებული შეცდომებით მისი საარჩევნო კამპანია არ დასრულებულა, თუმცა ცხადი გახდა, რომ პრეზიდენტს საკუთარი კანდიდატურის გადარჩენა გაუჭირდება.

თავად ჯო ბაიდენი კი ფიქრობს, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოსტისთვის ყველაზე კვალიფიციური კანდიდატია. პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებმა პრეზიდენტს მის შრომისუნარიანობასთან დაკავშირებით არსებულ ეჭვებზე არაერთხელ ჰკითხეს, რაზეც ბაიდენმა უპასუხა, რომ ნევროლოგთან რამდენჯერმე გაიარა შემოწმება და თავს კარგად გრძნობს.

ამერიკის პრეზიდენტი ასევე აცხადებს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეიტინგებიდან გამოჩნდება, რომ ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს არჩევნებში გამარჯვების დიდი შანსი აქვს, იგი რბოლას მხოლოდ მაშინ გამოეთიშება, თუკი რეიტინგები აჩვენებს, რომ თავად ბაიდენი ვერ შეძლებს დონალდ ტრამპის დამარცხებას.

ჯო ბაიდენს ალიანსის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტი ზელენსკი და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთში აერია, ჟურნალისტებთან გამართულ პრესკონფერენციის პირველივე წუთებში კი ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს დონალდ ტრამპი უწოდა.

თეთრი სახლის ლიდერს, ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებიდან კანდიდატურის მოხსნას უკვე 20-მდე დემოკრატი კონგრესმენი, სენატორი და დემოკრატიული პარტიის არაერთი მსხვილი დონორი სთხოვს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე