რეზონანსი
(11.07.2024)

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ისრაელისთვის 500-ფუნტიანი ავიაბომბების მიწოდება აღადგინა, თუმცა 2 000-ფუნტიანი ბომბების მიწოდებისგან ჯერ ისევ თავს იკავებს, რადგან ეშინია, რომ მისი გამოყენება მჭიდროდ დასახლებულ ღაზას სექტორში მოხდება. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო როიტერსი აშშ-ის ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამერიკამ ისრაელისთვის 2 000 და 500-ფუნტიანი ავიაბომბების მიწოდება მაისში შეაჩერა, რადგან ეშინოდა, რომ მათი გამოყენება ღაზას სექტორში სავალალო შედეგებს გამოიწვევდა. აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის შეშფოთებას განაპირობებდა ის ფაქტი, რომ ისრაელი ასეთი ტიპის ბომბებს რაფაჰის დასახლებულ პუნქტში იყენებდა, სადაც მილიონზე მეტი პალესტინელი აფარებს თავს.

„ჩვენ ნათლად მივანიშნეთ, რომ 2 000-ფუნტიანი ბომბების გამოყენება, განსაკუთრებით რაფაჰში, გვაშფოთებს, თუმცა, როგორც მათ თქვეს, იქ ოპერაცია დასრულებულია", - ციტირებს სააგენტო ამერიკელ ჩინოვნიკს, რომელიც თავის ვინაობას არ ამხელს.

ერთ 2 000-ფუნტიან ბომბს ბეტონის ან ლითონის სქელი ზღუდის გარღვევა და აფეთქების დიდი რადიუსის შექმნა შეუძლია.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ივნისში განაცხადა, რომ ვაშინგტონი მას იარაღს არ აწვდის და სთხოვა, რომ ამერიკელ მაღალჩინოსნებს ეს სიტუაცია გამოესწორებინათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე