რეზონანსი
(09.07.2024)

დედაქალაქში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი - სამგორის რაიონში, მიხეილ გახოკიძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია იწყება. თბილისის  მერის კახა კალაძის ინფორმაციით, ქუჩის სრული რეაბილიტაცია, მიწისქვეშა კომუნიკაციების მხრივ იქ არსებული უმძიმესი მდგომარეობის გამო, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან“ და სხვადასხვა საკომუნიკაციო კომპანიასთან თანამშრომლობით დაიგეგმა.

„აღნიშნულ ქუჩაზე, ბოლო წლების განმავლობაში მოძველებული და ამორტიზებული მიწისქვეშა კომუნიკაციები გზის სავალ ნაწილს აზიანებდა და უმძიმესი მდგომარეობა შეიქმნა, რაც გადაადგილებისას დიდ დისკომფორტს ქმნიდა. პირველი, რაც გაკეთდება, მიწისქვეშა კომუნიკაციების სრული განახლებაა. გზაზე არსებული უმძიმესი მდგომარეობაც გამოწვეულია კომუნიკაციების უვარგისობით. დაახლოებით, სამ კილომეტრამდეა აღნიშნული ქუჩა. პირველ ეტაპზე კომპანია GWP იმუშავებს და შემდეგი ეტაპი იქნება საგზაო ინფრასტრუქუტურის მოწყობა. აქაც იგივე დამოკიდებულება გვექნება. 

ჩვენი მიდგომაა, რომ ახალი დიზაინის ქუჩები შეიქმნას. ეს პროექტიც ამ დიზაინით განხორციელდება. საჰაერო სადენები მიწისქვეშა კაბელ-არხებში  განთავსდება, მოეწყობა გარე განათების ქსელი, დამონტაჟდება თანამედროვე ტიპის LED ლამპიონები. გზის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტის საფარი, მოეწყობა ტროტუარები. ქუჩაზე ინფრასტრუქტურა ადაპტირდება შშმ პირებისთვის. სამუშაოები 12 ივლისს დაიწყება და ცხრა თვეში დასრულდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა აღნიშნული პროექტის განხორციელების პროცესში ტრანსპორტის მოძრაობის  ცვლილებებზეც  ისაუბრა და ამასთან დაკავშირებით, შესაბამის სამსახურებს მოსახლეობის სრული ინფორმირება დაავალა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე