
საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის თქმით, ევროკავშირმა ცოტა ხნის წინ მიიღო გადაწყვეტილება ახალ ხელმძღვანელობასთან დაკავშირებით და ბლოკის მომავალი ლიდერები ბევრი ამბიციით დაიწყებენ მუშაობას.
"გაფართოება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა, რომლის წინაშეც ევროკავშირი დგას და გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ მომავალი 5 წლის განმავლობაში, ახალარჩეული ხელმძღვანელობის მომავალი 5 წლის მუშაობის განმავლობაში მოხდება ევროკავშირის შემდგომი გაფართოების დიდი ტალღა. საქართველოს შემთხვევაში, ჯერ კიდევ გაურკვეველია, იქნება თუ არა საქართველო ევროკავშირის შემდგომი დიდი გაფართოების ტალღის ნაწილი.
გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ეს ასე იქნება და ოქტომბრის არჩევნების შემდეგ გადავტვირთავთ მუშაობას და მოვასწრებთ მივაღწიოთ, რომ საქართველო იყოს ევროკავშირის შემდგომი გაფართოების ნაწილი.
27 ივნისს, ევროკავშირის ლიდერებმა, პრეზიდენტებმა და პრემიერ-მინისტრებმა ბრიუსელში შეხვედრა გამართეს და მათ მიიღეს რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, შეათანხმეს ევროკავშირის სტრატეგიული დღის წესრიგი შემდგომი პერიოდისთვის, მიაღწიეს შეთანხმებას ევროკავშირის მომავალ ლიდერებთან დაკავშირებით, დაადასტურეს უკრაინის დაცვის მიმართ ჩვენი მტკიცე ვალდებულება და სამწუხაროდ და ვწუხვარ, რომ ამას ვამბობ, ისინი ასევე შეთანხმდნენ, შეეჩერებინათ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესი. ეს ძალიან გარკვევითაა ნათქვამი ევროპული საბჭოს დასკვნაში.
წაიკითხეთ ის ძალიან ყურადღებით. ევროკავშირის ლიდერებისთვის გაურკვეველია საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების განზრახვა. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი აშკარად უკუსვლაა 9 ნაბიჯისგან. ასევე, ანტიდასავლური, ანტიევროპული რიტორიკა სრულად შეუთავსებელია ევროკავშირში გაწევრიანების გაცხადებულ მიზანთან. სამწუხაროდ, ამ დროისთვის, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება შეჩერებულია. ეს ნამდვილად სამწუხარო და გულსატკენია“, - აღნიშნა ელჩმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



