
კომპანია „არსის“ გენერალური დირექტორი ბესო ორთოიძე აცხადებს, რომ პირველადი უძრავი ქონების ბაზარზე ფასის შემცირების წინაპირობა არ არსებობს. როგორც მან გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას განაცხადა, ფასის ზრდა ნელი ტემპებით გაგრძელდება.
„ბაზარს, მომხმარებელს სჭირდება გაიგოს, რომ ეს არის ფასის ახალი ნიშნული. თუ გავიხსენებთ ფასი იყო 500 დოლარი, შემდეგ 700 დოლარი, ახლა ეს ფასი არის 1 200 დოლარი. ჩათვალეთ, რომ ამაზე ნაკლებად ვეღარ იყიდით და ამასთან შეგუებას გარკვეული დრო სჭირდება. რადგან ფასი გაიზარდა და გაჩერდა, შემდეგ მოლოდინი გაჩნდა, რომ უნდა დაიწიოს. ფასი რომ შემცირდეს საჭიროა თვითღირებულების დაკლება, რისი საფუძველიც დღეს არ არსებობს.
ზოგადად, როცა ფასი ასე იზრდება, ეს მოთხოვნას ძალიან ასტიმულირებს და ტრანზაქციებიც მეტი იყო მაგ პერიოდში, ვიდრე მაშინ, როცა გაჩერდა. ადამიანები, რომლებიც საინვესტიციოდ ყიდულობენ სწორედ ეს მოტივაციაც აქვთ, რომ ახლა ვიყიდით და მერე გაიზრდება.
უძრავი ქონების ფასი გაიზრდება, თუმცა სტაბილურად და არა ისე სწრაფად როგორც წინა წლებში. ისტორიულადაც ასე იყო, ახალ ნიშნულზე ადიოდა, შემდეგ უკვე ნელი ტემპით იზრდებოდა, დღეს ამ ეტაპზე ვართ“, - განმარტა ორთოიძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



