
„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ უჭერს და ლგბტ დროშით დადის, ამიტომ მიღებული იქნება საკანონმდებლო პაკეტი, რომლის მიხედვითაც ლგბტ პროპაგანდა აიკრძალება.
„გამომდინარე იქიდან, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს აშკარად არ უჭერს მხარს ოპოზიცია და ლგბტ დროშით დადის, ამიტომ ჩვენ ვივლით ეროვნული დროშით და მივიღებთ საკანონმდებლო პაკეტს, რომლის მიხედვითაც ლგბტ პროპაგანდა აიკრძალება. ამით დავიცავთ საკანონმდებლო დონეზე ტრადიციულ ცხოვრებას, რწმენას, ქართულ იდენტობასა და ზოგადად, სახელმწიფოებრივ ცხოვრებას“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობამ დღეს დააინიცირა კანონების პაკეტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, რომელიც შედგება ერთი ძირითადი კანონპროექტისგან და 18 გამომდინარე კანონპროექტისგან, რომლითაც ცვლილებები შედის სხვადასხვა კანონში“.
ცვლილებების შემდეგ დაუშვებელი იქნება ქორწინების ალტერნატიული კავშირის რეგისტრირება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პირობას ეწინააღმდეგება, ანუ არ იქნება კავშირი ქალსა და მამაკაცს შორის;
დაუშვებელი იქნება იმ ადამიანების მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანა, რომელიც თავის თავს თავისი სქესისგან განსხვავებულ სქესს მიაკუთვნებენ ან არ არიან ჰეტეროსექსუალი ადამიანები;
აკრძალული იქნება პირისთვის სქესის შეცვლის მიზნით ქირურგიული ოპერაციის ჩატარება ან სხვა სახის მანიპულაციის გამოყენება;
სახელმწიფოს მიერ გაცემულ დოკუმენტებში სქესის მითითების საკითხში, აკრძალული იქნება პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში ან სახელმწიფოს მიერ გაცემულ სხვა დოკუმენტში ადამიანის სქესისგან განსხვავებული სქესის მითითება;
დაუშვებელი იქნება საგანმანათლებლო დაწესებულებაში ლგბტ პროპაგანდის წარმოება;
დაუშვებელი იქნება მაუწყებლის მიერ თავისი ეთერით ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც მიმართულია თავისი სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ;
დაუშვებელი იქნება საჯარო შეკრება ან მანიფესტაცია, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე სქესის სქესის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ;
შრომით ურთიერთობებში როგორც კერძო, ისე საჯარო დაწესებულებებში ბათილი იქნება შრომითი ურთიერთობების ფარგლებში დაკისრებული ისეთი ვალდებულება, რომელიც მიმართულია ბიოლოგიური სქესის უგულებელყოფისკენ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



