
საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ვიცე-პრემიერის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინვესტორის გამოვლენის საერთაშოროსო კონკურსში, რომლის ფინალურ ეტაპზე ორი კომპანია მონაწილეობდა, საბოლოოდ საკუთარი წინადადება მხოლოდ ერთმა ჩინურ-სინგაპურულმა ჰოლდინგმა წარადგინა. კითხვაზე, შეიძლება თუ არა აღნიშნული კომპანია უკვე ჩაითვალოს კონკურსში გამარჯვებულად, დავითაშვილი პასუხობს, რომ ვინაიდან განაცხადი სრულყოფილად არის შევსებული, ეს კომპანია კონკურსში გამარჯვებულად ფაქტობრივად შეიძლება ჩაითვალოს.
"კონკურსში მონაწილე იყო შვეიცარულ ლუქსემბურგული კომპანია Terminal Investment Limited-ი და ასევე ჩინურ-სინგაპურული ჰოლდინგი China Communication Construction Company Limited-ის და China Harbor Investment-თან ერთად, რომლებსაც 2024 წლის 24 მაისამდე უნდა წარმოედგინათ საკუთარი ტექნიკური, კომერციული, ფინანსური წინადადებები აგრეთვე საკუთარი კომენტარები. ეს ვადა გავიდა და გვინდა საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ 20 მაისს ანაკლიის განვითარების სააგენტოში წინადადება წარმოადგინა მხოლოდ ჩინურმა კონსორციუმმა, რომელსაც ჰყავს ორი მნიშვნელოვანი ქვეკონტრაქტორი CRBC და ჩინდაო პორტ ინთერნეიშენალი, ჩინ დაო პორტი მინდა გითხრათ რომ მსოფლიოში არის მეექვსე-მეშვიდე ადგილზე საპორტო ტვირთბრუნვით. ჩვენ უახლოეს ხანებში გვექნება წინადადებების შეფასება კომისიის მიერ და გამარჯვებულის გამოვლენა.
პირველადი შეფასებით წინადადება სრულყოფილადაა წარმოდგენილი და დიდი შანსია, რომ კომისიამ გამარჯვებულად გამოაცხადოს. ამისთვის რამდენიმე დაზუსტებაა საჭირო და ვფიქრობ, რამდენიმე დღეში ჩვენ ჩინურ კონსორციუმს გამოვაცხადებთ გამარჯვებულად,"- განაცხადა ლევან დავითაშვილი.
საქართველოს მთავრობა ანაკლიის მშენებარე პორტში მაჟორიტარი აქციონერი იქნება და საკონტროლო 51% პაკეტი მის მფლობელობაში იქნება. შესაბამისად, გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვით სახელმწიფო ეძებდა ინვესტორს, რომელიც პორტში 49%-იანი წილის მფლობელი იქნება.
ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ მასთან ხელშეკრულების გაფორმების შესახებ მოლაპარაკებებს რამდენიმე კვირიდან რამდენიმე თვემდე დასჭირდება.
ეკონომიკის სამინისტრომ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ანაკლიის პორტის ინვესტორის შესარჩევ კონკურსში საბოლოო ფაზაზე მხოლოდ ორი ჰოლდინგი შვეიცარულ-ლუქსემბურგული კომპანია და ჩინურ-სინგაპურული ჰოლდინგი გადავიდნენ 2023 წლის 22 სექტემბერს გაასაჯაროვა.
ამასთანავე, გრძელდება ორი საერთაშორისო საარბიტრაჟო პროცესი სახელმწიფოს წინააღმდეგ ანაკლიის განვითარების კონსორციუმისა და მისი ინვესტორის მხრიდან. ამ დავების ფარგლებში მოთხოვნილი კომპენსაციის ოდენობა 1.5 მილიარდ დოლარს აჭარბებს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



