რეზონანსი
(26.05.2024)

საქართველოში გავითარებულ მოვლენებს ნატოს საპარლამენტო ასამბლეა საგანგებო განცხადებით ეხმიანება და საქართველოს ხელისუფლებას რუსული კანონის მიღების გამო აკრიტიკებს. განცხადებაში მკაფიოდ არის ნათქვამი, რომ საერთო დემოკრატიული ღირებულებები ნატოში გაწევრიანების საფუძველია, რისკენ მისწრაფებაც ქართველმა ხალხმა არაერთხელ დაადასტურა. წერილში პირდაპირ წერია, რომ "ოცნების" გადაწყვეტილება დემოკრატიის და ევროკავშირში გაწევრიანების თვალსაზრისით ქვეყნისთვის უკან გადადგმული ნაბიჯია.

ამასთან, ნატოს საპარლამენტო ასამბლეა  საქართველოს ხელისუფლებას რუსული კანონის მოწინააღმდეგეებზე ძალადობის და სტრატეგიულ პარტნიორებზე თავდასხმების გამო აკრიტიკებს. 

თუ საქართველოს ნატოში გაწევრიანება სურს, კანონი, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო, უნდა გაუქმდეს, - წერია ნატოს ასამბლეის განცხადებაში. 

ნატოს საპარლამენტო ასამბლეა მტკიცედ რჩება საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, დემოკრატიისა და ნატოში გაწევრიანების სწრაფვის მიმართ. ჩვენ ვაღიარეთ საქართველო კანდიდატ ქვეყნად იმ გაგებით, რომ ნატო-ში გაწევრიანება არის გზა, რომელიც საქართველომ და ქართველმა ხალხმა აირჩია და დააფიქსირა კონსტიტუციაში. თუმცა, საერთო დემოკრატიული ღირებულებები ნატოს ალიანსის საფუძველია და ამ ღირებულებების პატივისცემა აუცილებელი პირობაა ნატოს წევრობისთვის. 

კანონი ე.წ. „გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ არის უკან გადადგმული ნაბიჯი საქართველოს დემოკრატიისთვის და ეწინააღმდეგება  ნატოსა და ევროკავშირის მისწრაფებებსა და ღირებულებებს. თუ ეს კანონპროექტი კანონად იქცევა, ის სერიოზულად დააზარალებს სიტყვისა და გაერთიანების თავისუფლებას და ძირს გამოუთხრის საქართველოს ენერგიულ სამოქალაქო საზოგადოებას და მედია ლანდშაფტს.

კანონის ხელახალი წარდგენით და მიღებით, საქართველოს ხელისუფლებამ საკუთარი ხალხისა და საერთაშორისო პარტნიორებისთვის მიცემული პირობა დაარღვია. მათ მშვიდობიან საპროტესტო აქციებს მიუღებელი ძალადობით უპასუხეს და არჩიეს, უგულებელყოთ უახლოესი პარტნიორების მკაფიო და თანმიმდევრული მოწოდებები.

საქართველო გზაჯვარედინზე დგას.

თუ მთავრობას და პარლამენტს სურთ აჩვენონ საქართველოს მზადყოფნა ნატოში გაწევრიანებისთვის, ისინი უნდა დაბრუნდნენ დემოკრატიული რეფორმებისა და დემოკრატიული კონსოლიდაციის გზაზე. ეს კანონი, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო,  უნდა გაუქმდეს.

ქართველმა ხალხმა ისევ და ისევ აჩვენა, რომ სურს დემოკრატიული საქართველო - ევროკავშირში და ნატოში. მათ ეს კანონპროექტი გაბედულად გააპროტესტეს. ჩვენ გავაგრძელებთ მათ და მათ მისწრაფებებს მხარდაჭერას.

ისევე, როგორც ამ შაბათ-კვირას, ჩვენ გავაგრძელებთ დიალოგს ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციასთან, რათა გადავცეთ ეს მტკიცე გზავნილები, მაგრამ ასევე შევთავაზოთ ჩვენი სრული მხარდაჭერა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე, - ნათქვამია განცხადებაში. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე