რეზონანსი
(14.05.2024)

საზოგადოებრივი მოძრაობის „საქართველო უპირველეს ყოვლის“ დამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი, პარლამენტის მიერ „გამჭვირვალობის კანონის“ მესამე მოსმენით მიღებას ეხმიანება. მისი განცხადებით, გულწრფელი ახალგაზრდები მალე გამოვლენ ჰიპნოზიდან და ნახავენ, რომ საკუთარი ღირსების დამცველ საქართველოს მეტი პატივისცემით დაელაპარაკებიან, უფრო სამართლიანად მოუწევთ მასთან მიდგომა.

„ცოტაც და მორჩება სიგიჟის ერთთვიანი ზეიმი!

12 საათზე კენჭი ეყრება საქართველოს დამოუკიდებლობას! ქვეყნის ღირსების შენარჩუნებას! კოლონიალიზმის ბორკილებიდან გათავისუფლებას!

აღტკინებულ ჯენზის შესაძლოა, მძიმე „პახმელია“ ქონდეს, რაც ახლავს ხოლმე ეიფორიიდან რეალობაში დაბრუნებას!

გულწრფელი და გულანთებული ახალგაზრდები ადრე თუ გვიან გამოვლენ ჰიპნოზიდან. მიხვდებიან, რომ ჩელიაბინსკში არ გაიღვიძებენ... ნახავენ ამერიკის ადმინისტრაციის თუ ევროპელი ბიუროკრატების(გიჟიმანტასს და კუბილიუსს არაფერი ეშველება) შეცვლილ რიტორიკას. ნახავენ, რომ საკუთარი ღირსების დამცველ საქართველოს, სხვა უფრო დიდი და ძლიერი ქვეყნები, მეტი პატივისცემით დაელაპარაკებიან, უფრო სამართლიანად მოუწევთ მასთან მიდგომა!

მოტყუებული ადამიანების ნაწილს თავად შერცხვება და მივუტევებთ კიდეც. ზოგს კი, ვინც წითელი ხაზები გადაკვეთა, ჩვენ შევარცხვენთ აუცილებლად და საკადრის პასუხსაც გავცემთ!

გავაგრძელებთ ცხოვრებას მშვიდობიან, სტაბილურ ქვეყანაში! ისინიც ჩვენთან ერთად ისარგებლებენ ყველა იმ სიკეთით, რაც მშვიდობას მოაქვს - საქართველოს გაზრდილი მნიშვნელობა, მეტი ინვესტიციის შემოტანა, მეტი ტურისტის შემოსვლა, ეკონომიკური განვითარება!

იმედია, ხვალიდანვე დავიწყებთ უფრო მეტის გავაკეთებას იმისათვის, რომ ახალგაზრდები დავიცვათ ინდოქტრინაციისგან და მიზანმიმართული მოწამვლისგან! იმედია, ბევრი მიმართულებით ძირეული ცვლილებები გატარდება (უკანასკნელმა პროცესებმა უამრავი პრობლემა გახადა თვალსაჩინო)! არჩევნების შემდეგ, სისხლიან რეჟიმსაც საბოლოოდ შევაფასებთ სამართლებრივი თუ პოლიტიკური განზომილებით და გავწმენდთ სივრცეს ამ ტოქსიკური წარმონაქმნის - კოლექტიური ნაცმოძრაობისგან!

ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ აჩვენა უდიდესი თავგანწირვის მაგალითი! ასევე, აუცილებლად უნდა დაფასდეს პრემიერის, პარლამენტის თავმჯდომარის, უმრავლესობის ლიდერის და გუნდის ყველა წევრის როლი! რა მასშტაბის წნეხი, შეურაცხყოფები, მუქარები და უსამართლობა განიცადეს საკუთარ თავსა და ოჯახებზე! დრო გავა, ისტორია ყველაფერს ადეკვატურად შეაფასებს!

მადლობა სამართალდამცავ სტრუქტურებს!

მადლობა თითოეულ ღირსეულ მოქალაქეს, ვინც განსაცდელის ჟამს ჩვეული ქართული სიმტკიცით, გვერდში დაუდგა საკუთარ სამშობლოს!

მადლობა უფალს!“ - წერს შაქარაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე