რეზონანსი
(01.05.2024)

პარლამენტში მეორედ ინიცირებულ გამჭვირვალობის კანონპროქეტსაც იმიტომ აქვს ასეთი რეზონანსი, რომ ვა-ბანკის ნიშნებს ვხედავთ", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე წერს.

როგორც ცუცქირიძე მიიჩნევს, გამჭირვალობის კანონის მიღებით დასავლეთი გარკვეულწილად კარგავს გავლენას საქართველოს ხელისუფლებაზე და არაფერ შუაშია არც კანონის რუსული შეფერილობაა და არც ცალკეული მისი პუნქტები.

„ვა-ბანკის ქრონიკა: ვა-ბანკი განიმარტება როგორც მოქმედება ყველაფრის ფასად, ზოგადად კი პოლიტიკაში ვა-ბანკზე წასვლა ასევე ნიშნავს უკანდასახევი გზების მოჭრასაც. ამის ყველაზე ნათელი მაგალითი იყო დიდგორის ომი, როდესაც დავით აღმაშენებელმა უკანდასახევი გზები ჩახერგა. ამ ომში დამარცხება დიდი ალბათობით ქართული სახელმწიფოს არსებობასაც დააყენებდა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ! ტავის მხრივ დიდგორის ომის მოგებამ ქართული სახელმწიფო არა მხოლოდ ტერიტორიულად განავრცო, არამედ მომავალი ორი საუკუნის მშვიდობიანი განვითარების საშუალება მოგვცა.

რუსეთ-უკრაინის ომიც ვა-ბანკის გლობალური ასპექტების მაგალითადაც გამოდგება. ამ ომში რუსეთის დამარცხება დიდი ალბათობით რუსეთის სახელმწიფოს რღვევას და დაშლას გამოიწვევს, ისევე როგორც უკრაინის მარცხი ეჭქვეშ დააყენებს უკრაინის არსებულ საზღვრებში არსებობის პერსპექტივას. ამ კონფლიქტის კიდევ ერთი მხარე არის ნატო, თუ რუსეთი გაიმარჯვებს ნატო-ს არსებობაც ეჭქვეშ დადგება. ამ სცენარს დასავლეთში, მისი ეგზისტენციური ხასაითის გამო, ამიტომაც თვლიან ყველაზე წამგებიანად, რადგან ამას ემატება ასშ-ის როგორც გლობალური მოთამაშის და უკრაინის მთავარი სპონსორის პრესტიჟის სერიოზული ვარდნა მთელ მსოფლიოში. ახლო აღმოსავლეთში ფაქტიურად ვა-ბანკზეა წასული ისრაელიც, რადგან ჰამასთან მარცხი უკვე ისრაელის სახელმწიფოებრიობას დაემუქრება სერიოზულად.

პარლამენტში მეორედ ინიცირებულ გამჭვირვალობის კანონპროქეტსაც იმიტომ აქვს ასეთი რეზონანსი, რომ აქაც ვა-ბანკის ნიშნებს ვხედავთ. ცნობილია, რომ დასავლეთი წლების განმავლობაში საქართველოში პოლიტიკურ პროცესებს არასამთავროების ხელით მართავდა. არასამთავრობო სექტორი იყო არა მხოლოდ სახელისუფლებო სტრუქტურებზე მონიტორინგის ინსტიტუცია, არამედ ძალაუფლებისაც - არასამთავრობო სექტორის კადრების გადადინებით აღმასრულებელ და საკანონმდებლო სტრუქტურებში. 2003 წლის ე.წ ვარდების რევოლუცია იყო ამ სქემის მკაფიო მაგალითი, როდესაც არასამთაროების დიდი ნაწილი ხელისუფლების სხვადასხვა შტოებში გადანაწილდა რევოლუციის შემდეგ.

ამ კანონის მიღებით დასავლეთი გარკვეულწილად კარგავს ამ აპრობირებულ ბერკეტს ანუ გავლენას საქართველოს ხელისუფლებაზე. არაფერ შუაში არც ამ კანონის რუსული შეფერილობაა და არც ცალკეული მისი პუნქტები. ამ შემთხვევაშიც დასავლეთი, კერძოდ ვაშინგტონი და ბრიუსელი მიდის ვა-ბანკზე, სწორედ ამ ფაქტორის გამო და მთელი ეს აურზაური ამიტომაც არის ატეხილი.

თქვენ წარმოიდგინეთ, რომ "ქართული ოცნებაც" ამ კანონის შემოტანით ვა-ბანკზე მიდის უფრო სწორედ მან მიიღო ეს გამოწვევა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ის კარგავს ხელისუფლებას. ბოლო 2 წელია ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებული მოთხოვნები, რასაც დაემატა წევრობის მოლაპარაკების დაწყების კრიტერიუმები და გახშირებული საუბრები კოალიციურ მართველობაზე, არ არის შემთხვევითი. ტავსაც ნუ მოვიტყუებთ, ეს არის თავისებური მინიშნებები ზოგჯერ ფარული და ზოგჯერ ღიაც ხელისუფლების გადაბარებაზე უახლოეს, ოქტომბრის არჩევნებში!

ქუჩის პროტესტიც, რომ თავიდან ბოლომდე მართულია, და შორს არის თვითორგანიზების ელემენტისაგან, ამ დღეებშიც გამოჩნდა, სადაც ფონად ახალგაზრდული მაქსიმალიზმი არის წინ წამოწეული.

გასაგებია, რომ მთელ ამ პროცესებზე პასუხისმგებლობა მაინც ხელისუფლებაზე გადადის და ნაკლებად ოპოზიციაზე ანუ ხელისუფლებას უფრო მეტის პასუხისმგელობა ეკისრება, რადგან მთლიანობასი ის არის კონსტიტუციური წესრიგის გარანტი. ნებისმიერი სახის კრიზისის დარეგულირებაც ხელისუფლების კრიზისმენეჯმენტზეა დიდწილად დამოკიდებული და ნაკლებად ოპოზიციის კეთილ ნებაზე. დღეს საპარლამენტო განხილვამაც გვიშვენა, რომ ოპოზიციას კეთილი ნების შემთხვევაში თავიდანვე შეეძლო პროცესები ესკალაციამდე არ მიეყვანა და დებატების რეჟიმში დარჩენილიყო როგორი ცხარეც არ უნდა ყიოფილიყო. დებატი იმიტომაც არის კარგი, რომ ყოველგვარი ზედმეტი ემოციის გარეშე შეიძლება ტყუილ-მართლის გარჩევა თუ რა თქმა უნდა ამის სურვილი არსებობს. საერთაშორისო პოლიტიკაში არაერთი მაგალითია, როდესაც სწორედ წინასაარჩევნოდ მოგებული დებატები გამხდარა შემდგომ არჩევნებში გამარჯვების კარგი წინაპირობა.

გუშინდელი არეულობების ინსცენირებაც დებატებს გაქცეული ოპოზიციის ინტერესში უფრო შედიოდა, და ნაკლებად ხელისუფლების ინტერესებში, ამ ახალგაზრდული პროტესტის უკან მყოფი აქტიორების გამოცნობაც არ არის რთული თავსატეხი ზემოთ აღნიშნული ფაქტორების გამო!

შექმნილ სიტუაციაში როგორი კრიზისულიც არ უნდა იყოს ან ჩანდეს, და გარედან რა ძალებიც არ უნდა იყოს ჩართული, ხელისუფლებაზე მაინც ბევრი რამ არის დამოკიდებული.

ხელისუფლების მთავარი ამოცანაც, კონფლიქტის რაც შეიძლება მოკლე დროში დარეგულირება უნდა იყოს, კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გადაგზავნა და პარლამენტში გადატანილი დებატებიც ამის მანიშნებელია. არეულობები და კრიზისის განვრცობა შეიძლება შედიოდეს რადიკალური ჯგუფების ინტერესში, რისი სცენარიც გუშინაც ვიხილეთ, მაგრამ ნაკლებად ხელისუფლების, და მით უმეტეს მოსახლეობის, რადგან ეკონომიკაზე ხომ ნეგატიურად აისახება, გასულ წლებში კურსის რყევებიც კარგად უნდა გვახსოვდეს და არა თუ ევროკავშირის წევრობა, არამედ დღევანდელი სიტუაცია სანატრელიც კი შეიძლება გაგვიხდეს!", - წერს სოციალურ ქსელში გიორგი ცუცქირიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე