
„რუსეთშიც ასე დაიწყო" - ეს არის უკვე დეზინფორმაცია, რომელზეც გვექნება რეაქცია, საქართველოსთან პარალელის გავლება არ შეიძლება, - ამის შესახებ „ქრონიკაში" პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
„რუსეთშიც ასე დაიწყო" - ეს არის უკვე დეზინფორმაცია, რომელზეც გვექნება რეაქცია. რუსეთში ასე არ დაწყებულა, საქართველოსთან პარალელების გავლება დეზინფორმაციაა და ეს არ შეიძლება. საწყის ეტაპზეც კი ჩვენი ინიციატივა არის ევროპული, გამჭვირვალობის ღირებულებების, რუსულ კანონში კი გამჭვირვალობის ღირებულებები და ფასეულობები არასდროს ყოფილა", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
მისი განმარტებით, ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც კეთილსინდისიერად მუშაობენ, არ აყენებენ საკითხს, თუ სად შეიძლება იყოს ჩამკეტი, რომ კანონმდებლობა არ გამკაცრდება და არასამთავრობო ორგანიზაციებს საფრთხე არ შეექმნებათ.
„ეს კითხვა არის ერთგვარი დეზინფორმაციის ნაწილი, რასაც ე.წ. შვიდი მდიდარი ორგანიზაცია ეწევა და ამ გზით ქმნის არარეალურ, ვირტუალურ მოდელირებას. ხოლო ის ორგანიზაციები, რომლებიც კეთილსინდისიერად და გამჭვირვალედ მუშაობენ, ამ საკითხებს არ აყენებენ. ეს კარგად ვიცი ჩემი ბიოგრაფიიდან გამომდინარე - არაერთი წელი ვმუშაობდი არასამთავრობო სექტორში, კერძოდ, შშმ პირთა ორგანიზაციაში, მათთან დღემდე მაქვს კომუნიკაცია და ვამაყობ იმ წლებით, რაც იქ მაქვს გატარებული", - აღნიშნა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ.
მას ასევე მიაჩნია, რომ რაც უფრო მეტი იქნება ცნობილი იმ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაზე, რომლებიც სხვადასხვა საჭირო თემაზე მუშაობენ, მოსახლეობა მით უფრო მადლიერი იქნება ამ ორგანიზაციებისაც და დონორებისაც.
„ფაქტებით რომ ვისაუბროთ, ვიცით, რომ 70 მილიონზე არის საუბარი, რომელიც მიზნობრიობის გარეშე იხარჯება და სამ მიმართულებას ხმარდება - სახელმწიფოს, ეკლესიის და საზოგადოების წინააღმდეგ მოქმედებებს. ამიტომ ამ საკითხს სჭირდება გამჭვირვალობა. ხოლო იმ ორგანიზაციებს, რომლებიც შეიძლება, რეესტრში მოყვნენ და კეთილსინდისიერად მუშაობენ უფლებადაცვითი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების, ქალთა და ბავშვთა უფლებების საკითხებზე, მოსახლეობა მეტად ეტყვის მადლობას და ნებისმიერ დონორისა და დამფინანსებლის მადლიერი იქნება. მაგრამ როდესაც ხდება პოლიტიკაში რადიკალიზმის, ექსტრემიზმის, რევოლუციური სცენარების დაფინანსების არხების მოძებნა, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



