რეზონანსი
(07.04.2024)

სლოვაკეთში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 53,8%-ით პეტერ პელეგრინი იმარჯვებს. იგი პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს მოკავშირეა.

მისმა მოწინააღმდეგემ, ლიბერალმა ივან კორჩოკმა ხმების მხოლოდ 46,73% მიიღო.

ბრატისლავაში გამოსვლისას პელეგრინიმ პირობა დადო, რომ „უზრუნველყოფს, რომ სლოვაკეთი დარჩეს მშვიდობის და არა ომის მხარეს“, ხოლო AFP-ს განუცხადა, რომ ევროკავშირი და ნატო ორადაა გაყოფილი - „ერთნი ემხრობიან (რუსეთსა და უკრაინას შორის) კონფლიქტის ნებისმიერ ფასად გაგრძელებას და მეორენი კი სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებას ითხოვენ“.

ფიცო პრორუსული პოზიციითა და ანტიუკრაინული განცხადებებით გამოირჩევა. მისი ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება კიევისთვის უსასყიდლოდ სამხედრო დახმარების გაწევის აკრძალვა გახდა.

თავად პელეგრინი წინასაარჩევნო კამპანიის დროს ყველანაირად ცდილობდა გაეფანტა მისი არჩევასთან დაკავშირებით ოპოზიციის შიში. ის ირწმუნებოდა, რომ არჩევნები „არ ეხებოდა ქვეყნის საგარეო კურსსს“ და რომ, სლოვაკეთი დარჩება „ევროკავშირისა და ნატოს ძლიერ წევრად“. უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევის კონტექსტში, პელეგრინი, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის პოზიციაზე დაყრდნობით, თავს თავშეკავების მომხრედ წარმოაჩენდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე