რეზონანსი
(07.04.2024)

მეტი სანქციების დროა! - ასე ეხმაურებიან ამერიკელი დიპლომატები "ქართული ოცნების" მცდელობას, მიიღონ რუსული კანონი. სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი "ამერიკის ხმისთვის" მიცემულ ინტერვიუში პირდაპირ ამბობს, რომ ივანიშვილის პარტიის მოქმედებები პარტნიორებისთვის სახეში სილის გაწვნის ტოლფასია.

დევიდ კრამერი "ქართული ოცნების" შეჩერების ერთადერთ გზას საერთაშორისო სანქციებში ხედავს. მისი შეფასებით, შეზღუდვების ალყაში არა ხალხი, არამედ ხელისუფლების მაღალჩინოსნები უნდა მოექცნენ. შტატებში ეჭვი არავის ეპარება, რომ კანონი, რომელსაც "ქართული ოცნება" ევროპულად და ამერიკულად ასაღებს, რეალურად, პუტინის რუსეთში მიღებულის ასლია.

ვფიქრობ, ეს არის დასავლეთისა და შეერთებული შტატებისთვის სახეში სილის გაწვნა და ეს მას შემდეგ ხდება, რაც ევროკავშირმა საქართველოს წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. ამიტომ, დიდი იმედი მაქვს, საერთაშორისო საზოგადოებას ამ ძალიან შემაშფოთებლად გავითარებულ მოვლენებზე ძლიერი უკურეაქცია ექნება. "ქართული ოცნება" უკვე სამიზნეში იღებს იმ პირებს და ორანიზაციებს, რომლებსაც ტერმინის "უცხო ძალების აგენტის" გამოყენების გარეშე ის აგენტობაში ადანაშალებს. ასე რომ, შეერთებული შტატების მთავრობას ძალიან სწრაფი და პირდაპირი გზით შესაბამისი რეაგირებისკენ მოვუწოდებ. თავდაპირველად საკანონმდებლო წინადადების დაგმობით და თუ ეს არ იმუშავებს, მაშინ მეტი სანქციების დროა. ადრეც მითქვამს, არ მსიამოვნებს, როცა ქართელი ოფიციალური პირების მიმართ სანქციების მოწოდება მიწევს, მე საქართველოს ძალიან ძლიერი მხარდამჭერი ვარ და მინდა, წარმატებული საქართველო ვნახო, მაგრამ როგორც ჩანს, ძალაუფლების მქონე პირებს ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიჰყავთ, - ამბობს კრამერი. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე