
"როდესაც გაზრდილ ეკონომიკაზე საუბრობთ, მოსახლეობას საკუთარი ოჯახის წევრების გაზრდილ შემოსავალზე ესაუბრებით?", - ამ კითხვით მიმართა ლევან დავითაშვილს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა.
მისი თქმით, როდესაც მმართველი პარტიის წარმომადგენლები ეკონომიკურ წარმატებაზე საუბრობენ, ჩნდება განცდა, რომ ისინი საკუთარი ოჯახის წევრების შესახებ ყვებიან, რომელთა ანაზღაურებაც უპრეცედენტოდ მაღალია.
ბატონო ლევან, თქვენ განაცხადეთ, რომ სოფლად უმუშევრობა 14 პროცენტია და მართლა თვლით, რომ ასი ადამიანიდან თითქმის 85-90 ადამიანი დასაქმებულია და 300-400 ლარს თქვენ შემოსავალს ეძახით?
ხალხს აწუხებს საბანკო ოლიგარქია რომ შექმენით, სამ მილიარდ ლარამდე ნახეს ბანკებმა წმინდა მოგება. მხოლოდ ვალუტის გადახურდავებაში საქართველოს ბანკმა 366 მილიონი ლარი მოიგო, თბს ბანკმა 257 მილიონი ლარი, ანუ 600 მილიონი ორმა ბანკმა წაართვა სიმწრით ნაშოვნი, გამომუშავებული თანხა მოსახლეობას.
როცა ეკონომიკურ წარმატებაზე ჰყვებით, მე ხანდახან მგონია, რომ თქვენი ოჯახის წევრის, თქვენი ძმის ისტორიას ჰყვებით, რომელიც აუდიტის სამსახურში მუშაობდა საქართველოს ბანკში და თქვენ რომ მინისტრად დაინიშნეთ, გახდა დირექტორი და მისი ანაზღაურება 5 მილიონი ლარია დაახლოებით წელიწადში. უთხარით მოსახლეობას, თქვენ მოსახლეობის ეკონომიკას ითვლით, როცა გაზრდილ ეკონომიკაზე საუბრობთ თუ საკუთარ ოჯახის წევრების გაზრდილ შემოსავალზე ესაუბრებით?“ - თქვა ლევან ხაბეიშვილმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



