რეზონანსი
(02.04.2024)

ქართველი მოსამართლეებისთვის სანქციების მოხსნის მოთხოვნით საპარლამენტო უმრავლესობა ამერიკის საელჩოს მიმართავს - გადაწყვეტილების შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას შეფასებები მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ "ქართული ოცნება" რისკების განეიტრალებას ცდილობს, რათა "სასამართლო კლანმა არ დაიწყოს ხელისუფლების სხვა შტოების დანაშაულის გამომზეურება".

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, არჩილ თალაკვაძის თქმით კი, ის შეზღუდვები, რაც შტატებმა მოსამართლეებს დაუწესა, დასაბუთებული დღემდე არ არის.

"მოსამართლეებზე შეზღუდვების თუ სანქციების შემოღება ჩვენთვის იმთავითვე მიუღებელი იყო. სახელმწიფომ მოითხოვა ის მტკიცებულებები, რის საფუძველზეც შეზღუდვები დაწესდა. დღემდე საზოგადოებამ არ იცის თუ რა იყო საფუძველი. რჩება ლეგიტიმურ მოთხოვნად, რომ ქართველ მოსამართლეებს მოეხსნათ შეზღუდვები, ვინაიდან დღემდე ეს შეზღუდვები არ არის დასაბუთებული და თუ არ არის დასაბუთებული, შესაბამისად არც სამართლიანი არ გახლავთ", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე