რეზონანსი
(22.03.2024)

სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებლის განცხადება დილიდან პოლიტიკური შეფასებების საგანია. ნოდარ ხარშილაძე ერთ-ერთ მედიასთან საუბარში ამბობს, რომ ოპოზიციის დაქუცმაცებით, ბიძინა ივანიშვილს და "ქართულ ოცნებას" გადარჩენის შანსი აქვს.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის თქმით, საეჭვოა ის დაფინასნება, რომელსაც არასამთავრობო სექტორი იღებს.

"ყველა ასეთი მესიჯი არის დავალება. მუქარის ტონის ირიბი შემცველობაც დავალებით არის, ამაში ფულს იხდიან. ბოლო დღეებში, რაღაცნაირად, ნიშნის მოგებით ლაპარაკობენ დაფინანსებაზე, მათ შორის, პოლიტიკოსებიც. ნიშნის მოგებით ააქტუალურებენ, რაღაც ასეთი ფონი ჩანს. ამერიკულ კანონს რუსული დაარქვეს, წელს ამასთან დაკავშირებით კითხვა დავსვით და ანტიამერიკული კამპანია დაარქვეს. ქართველმა მოქალაქემ ჯერ კიდევ არ იცის და წარმოდგენა არ აქვს რაში მიდის დაფინანსებები. მეგობარი ქვეყნებიდან დაფინანსებები, რა თქმა უნდა უამრავი კარგი და პოზიტიური მიმართულებით მიდის და კარგ საქმეს ხმარდება გარკვეული თანხა. მაგრამ, ჩვენ ამომწურავი ინფორმაცია არ გვაქვს, ის რაც დამალულია რას ხმარდება.

აი ეს მესიჯი აქვთ: აგერ, ჩვენ ვისაც გვინდა იმას ვაფინანსებინებთ თავს, თქვენ აზრზე არ ხართ, მოქალაქეები აზრზე არ არიან. ჩვენ რაშიც გვინდა იმ მავნებლობაში ვიღებთ ფულს, მერე ირიბი თუ პირდაპირი მუქარის შემცველ მესიჯებსაც გავახმოვანებთ და აბა ერთი გაბედეთ და შეეხეთ ამ თემას. ლგბტ პროპაგანდის შემცველ სამდღიან სემინარს დავაფინანსებთ და აბა ერთი გაბედეთ და მოიკითხეთ საიდან დაფინანსდა. ძალიან საშიში თამაშს თამაშობენ. ყველას ვაფრთხილებ, ნუ შემოდიან ასეთ თამაშში, რადგან ქართველი ხალხი ისე კარგად განსჯის ყველაფერს, რომ ამას პოლემიკა არ დასჭირდება პარლამენტში", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე