ნაზი ბერიძე
(01.11.2023)

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მორიგმა ვიზიტმა ისრაელში შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს ჰამასი-ისრაელის ომზე და ვითარებაზე ღაზაში. ენტონი ბლინკენი, ისრაელს სავარაუდოდ, პარასკევს ეწვევა, - ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.

ბლინკენი სამშაბათს პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგს ესაუბრა და ისრაელის მიმართ მხარდაჭერა დაადასტურა. „სახელმწიფო მდივანმა დაადასტურა მისი ქვეყნის მხარდაჭერა ისრაელის უფლების მიმართ, დაიცვას თავი ტერორიზმისგან ", - განაცხადა მილერმა.

ექსპერტები „რეზონანსთან" აშშ-ს გამაფრთხილებელ მესიჯებსა და ისრაელის მიზნებზე საუბრობენ. „ისრაელის ღაზაში შესვლა არ არის ფართომასშტაბიანი სახმელეთო ოპერაცია, ეს არის მხოლოდ ტაქტიკური ტიპის ელემენტი, რომელიც ითვალისწინებს ჰამასის ძალების დაქსაქსვას, მათი ლიდერების და მათი აქტიური წევრების ლიკვიდაციას. საბრძოლო პოტენციალის გარკვეული მიმართულებებით ლოკალიზებას. აქედან გამომდინარე, არავითარი სახმელეთო ფართომასშტაბიანი ოპარაციას ადგილი არა აქვს.

„ბლინკენი ჩადის იმისთვის, რომ მხარი დაუჭიროს ისრაელს. როგორც იცით დასავლეთი მხარს უჭერს ისრაელს.

„სამხედრო რეიდების შედეგად სავარაუდოდ მიღწეული იქნება, ის რომ განთავისუფლდებიან მძევლები ან მოხდება დროებითი ზავის დადება" -განაცხადა „რეზონანსთან" უსაფრთხოების სფეროს ექსპერტმა ვახტანგ მაისაიამ.

გადამდგარი გენერალი ვახტანგ კაპანაძე „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ ღაზაში სახმელეთო ოპერაცია არ არის მხოლოდ სახმელეთო ოპერაცია.

„ბლინკენის ვიზიტი არის აშკარა გამოხატულება იმ პოლიტიკური მხარდაჭერის, რასაც ამერიკა უცხადებს ისრაელს და ამავე დროს ეს არის გამაფრთხილებელი ხაზი, რომ მეზობელი თუ რეგიონის ქვეყნები არ ჩაერთონ ისრაელის წინააღმდეგ დაპირისპირებაში,

„რაც შეეხება სახმელეთო ოპერაციას ღაზაში, ნუ დავარქმევთ ამას სახმელეთო ოპერაციას - ეს არის ოპერაცია ზღვიდან, ჰაერიდან, ხმელეთიდან. ეს არის რეიდები, დარტყმები კონკრეტულ ობიექტებზე. საბოლოო მიზანია ჰამასის სამხედრო შესაძლებლობების დაქვეითება - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ კაპანაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე