თამთა ჩაჩანიძე
(23.07.2023)

ხორბლის შეთანხმებიდან გასვლის შემდეგ, რუსები ინტენსიურად ბომბავენ უკრაინულ საპორტო ინფრასტრუქტურას შავ ზღვაზე, განსაკუთრებული სამიზნე ოდესის ოლქია. სამხედრო ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ რუსეთმა მუქარა შეასრულოს და სავაჭრო გემებზეც მიიტანოს იერიში.

ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ უკრაინის პორტებიდან ხორბლით დატვირთული გემების გაცილების პასუხისმგებლობა ნატომ უნდა აიღოს, თურქეთისვე შუამავლობით. თუმცაღა აქ ერთი პრობლებაა - უკრაინა-რუსეთის ომის დაწყების შემდეგ, თურქეთმა 1936 წლის „მონტრეს კონვენციის" შესაბამისად, ბოსფორის სრუტე დაკეტა და არაშავიზღვისპირა სახელმწიფოების სამხედრო ხომალდებს შავ ზღვაში შემოსვლა ეკრძალებათ და როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, ნატოს წევრ შავიზღვისპირა ქვეყნებს, თურქეთის გარდა, სავაჭრო გემების გაცილების პოტენციალი არ აქვთ.

აღსანიშნავია, რომ 17 ივლისიდან მსოფლიოში მარცვლეულზე ფასები კატასტროფულად გაიზარდა, რის გამოც სასურსათო კრიზისი განსაკუთრებით ემუქრება იმ ქვეყნებს, რომლებიც უკრაინიდან იღებს ხორბალს. ამის გამო მარცვლეულის შეთანხმების მონაწილეები - უკრაინა, გაერო და თურქეთი გამოსავლის ძიებაში არიან.

რუსული ძალები კი ბოლო დღეებში ინტენსიურად ბომბავენ შავ ზღვაზე უკრაინელების საპორტო ინფრასტრუქტურას. 23 ივლისის ღამეს განხორციელდა ომის დაწყებიდან ერთ-ერთი ყველაზე მასირებული სარაკეტო დარტყმა ქალაქ ოდესაზე.

ამის პარალელურად, უკრაინის ფრონტზე ოთხი ცხელი მიმართულებაა - ბახმუტი, ხერსონი, ზაპორიჟიე და კრემენნოე. როგორც სამხედრო ანალიტიკოსები აცხადებენ, ყველა მიმართილებაზე მძიმე ბრძოლებია, რუსებს სვიატოვო-კუპიანსკის ხაზზე საკმაო ძალები ჰყავს მობილიზებული და დიდი ალბათბით, ამ მიმართულებაზე უკრაინის კონტრშეტევას ელოდებიან.

ბოლო ცნობები ფრონტიდან

პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ყველა მიმართულებაზე მძიმე ბრძოლებია, პრიორიტეტული კი სახმრეთის მიმართულებაა. მისი თქმით, რუსებს სვიატოვო-კუპიანსკის ხაზზე საკმაო ძალები ჰყავს მობილიზებული და დიდი ალბათბით, ამ მიმართულებაზე უკრაინის კონტრშეტევას ელოდებიან.

„ყველგან ძალიან მძიმე და მაღალი ინტენსივობის ბრძოლებია. უკრაინის მხრიდან ჯერჯერობით მხოლოდ ქვეითი ჯარი მოქმედებს. დანაღმული ველებისა და სხვადასხვა მიზეზების გამო, ტექნიკა ვერ მოქმედებს. რუსებს საკმაოდ მობილიზებული თავდაცვა აქვთ, ამიტომ ეს ომი ალბათ ხანგრძლივი და გამოფიტვაზე ორიენტირებული იქნება.

„რაც შეეხება ცხელ წერტილებს, რატომღაც რუსებს საკმაო ძალები ჰყავთ მობილიზებული სვიატოვო-კუპიანსკის ხაზზე. არ ველოდები, რომ რუსები შეტევას განახორციელებენ, უფრო ვფიქრობ, რომ ისინი პირიქით, უკრაინელების კონტრშეტევას ელოდებიან.

„პრიორიტეტული მაინც სამხრეთის მიმართულებაა და ვხედავთ, რომ უკრაინული არმია ნელ-ნელა კილომეტრობით, მეტრობით წინ მიიწევს. აქ ძირითადად ქვეითი ჯარი მოქმედებს არტილერიის მხარდაჭერით, ამიტომაც წინსვლა ნელია", - განაცხადა ლაშა ბერიძემ „რეზონანსთან".

სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ „არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ფრონტი ოთხი მიმართულებითაა აქტიური. გარღვევა ჯერჯერობით არაა გარკვეული გარემოებების გამო, მთავარი კი ისაა, რომ რუსებს სერიოზული თავდაცვითი ზღუდეები აქვთ შექმნილი.

„მეტ-ნაკლებად დიდი ინტენსივობის საბრძოლო მოქმედებები ფრონტის ხაზის ოთხ წერტილში მიმდინარებს - ხერსონთან უკრაინელები მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე გადასვლას ცდილობენ. ცხელი წერტილია ზაპოროჟიეში ორეხოვოსთან, უგლედართან, აღმოსავლეთით - ბახმუტთან, ჩრდილო-აღმოსავლეთით - კრემენნოესთან.

„ჩრდილოეთით, კრემენნოესთან უფრო რუსული ძალები არიან კონტრშეტევაზე გადასული, ზაპოროჟიეში კი - უფრო უკრაინელები, მაგრამ განსაკუთრებული გარღვევა ჯერჯერობით არაა და ალბათ ჯერ არცაა მოსალოდნელი რამდენიმე ფატქორის გამო.

„პირველი ფაქტორი, ესაა რუსების სერიოზული თავდაცვითი ზღუდეები ზაპოროჟიეს ფრონტის ხაზზე, ასევე მათი უპირატესობა ავიაციაში. შესაძლოა უკრაინის ხელში დასავლური არტილერია უფრო ზუსტია, მაგრამ, სამაგიეროდ, რუსეთის საოკუპაციო ძალებს საბჭოთა წარმოების ჰაუბიცების, ქვემეხების და ჭურვების რაოდენობა უფრო მეტი აქვთ", - განაცხადა ალადაშვილმა „რეზონანსთან".

რას აკეთებენ რუსები ხორბლის შეთანხმებიდან გასვლის შემდეგ

რუსეთი მარცვლეულის შეთანხმებიდან 17 ივლისს ყირიმის ხიდზე მომხდარი ინციდენტის საპასუხოდ გავიდა. მოსკოვის განცხადებით, შეთანხმებას მხოლოდ მაშინ დაუბრუნებდა, თუ რუსეთს თავისი მარცვლეულის და სასუქის გამარტივებული ექსპორტის საშუალებას მისცემენ. კიევი კი ამბობს, რომ შეთანხმება რუსეთის ჩართულობის გარეშე უნდა გაგრძელდეს.

რუსეთის მიერ მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლისა და მოსკოვის ოფიციალური განცხადების შემდეგ, რომლის მიხედვითაც კრემლი უკრაინის პორტებისკენ მიმავალ ყველა გემს პოტენციურ სამხედრო სამიზნედ განიხილავს, გლობალურ ბაზარზე ხორბლის ფასი მკვეთრად გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს უკრაინამ და რუსეთმა, თურქეთის და გაეროს შუამავლობით სტამბოლში მიაღწიეს შავი ზღვით უკრაინული ხორბლისა და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქციის ექსპორტის შეთანხმებას.

შეთანხმებიდან რუსეთის გასვლიდან მეორე დღესვე უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიუ გუტერეშს ელაპარაკა „მარცვლეულის შეთანხმების" შენარჩუნების აუცილებლობაზე. შეთანხმების მოქმედების ვადა 17 ივლისს ამოიწურა და რუსეთმა მის გაგრძელებაზე უარი თქვა.

გუტერეშთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, ზელენსკის „ტელეგრამში" გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ სასურსათო უსაფრთხოების და შავი ზღვით პროდუქტის გატანის აღსადგენად ერთობლივ მუშაობაზე შეთანხმდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთი კვლავ ცდილობს იარაღად გამოიყენოს შიმშილი და დესტაბილიზაცია გლობალურ სასურსათო ბაზარზე.

შეთანხმების შუამავალმა, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მისმა დაგეგმილმა მოლაპარაკებებმა, შესაძლოა, შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის აღდგენა გამოიწვიოს. ერდოღანი დასავლეთს მოუწოდებს, „რუსეთის მოთხოვნები გაითვალისწინონ".

იერიშები ოდესაზე, მათ შორის ჰიპერბგერითი რაკეტების და უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით, ზედიზედ ოთხი დღის განმავალობაში გრძელდება. მიზანს კი პორტის მარცვლეულის ტერმინალები წარმოადგენს.

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი რუსეთის მიერ ოდესაზე განხორციელებული თავდასხმების სერიას ეხმიანება და აცხადებს, რომ რუსეთის სარაკეტო თავდასხმების „მთავარი მიზანი ოდესასა და რეგიონზე არის უკრაინის შავ ზღვაზე გასასვლელის სრული იზოლაციის მცდელობა და დაშინების აქტის გზით „მარცვლეულის დერეფნის" ფუნქციონირების აღდგენის საერთაშორისო ძალისხმევის აღკვეთა და განეიტრალება".

დანილოვის მტკიცებით, კრემლის გეგმის მიხედვით, უნდა შეიქმნას შიმშილის საფრთხის, პირველ რიგში აფრიკის ქვეყნებისთვის და ევროპისთვის მიგრაციული საფრთხის დონის ამაღლების ხელოვნური პირობები.

მორიგი დიდი იერიში რუსეთმა ოდესაზე 23 ივლისს მიიტანა, შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა 19 ადამიანი, დაზიანდა ათობით ავტომობილი, კორპუსების ფასადები და სახურავები.

რუსული რაკეტის დარტყმით ოდესის ერთ-ერთ ცენტრალურ მოედანზე, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (მოსკოვის საპატრიარქოს) საკათედრო ტაძარი დაზიანდა.

წინასწარი შეფასებით, ზიანი ოდესის არქეოლოგიურ, საზღვაო და ლიტერატურულ მუზეუმებს მიადგა, რომლებიც 1954 წლის ჰააგის კონვენციით არის დაცული.

რაზეა წამსვლელი მოსკოვი

პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ რუსები მარცვლეულით დატვირთულ გემებზე იერიშს აუცილებლად მიიტანენ და ახლა მნიშვნელოვანია, რომ გემების გაცილების პასუხისმგებლობა ნატომ აიღოს, თურქეთისვე შუამავლობით. წინააღმდეგ შემთხვევაში მსოფლიოს ცუდი სიტუაცია ელის მარცვლეულთან დაკავშირებით.

„აქ უკვე ნატოს ქვეყნების პასუხისმგებლობაა, ისინი აიღებენ თუ არა თავზე ხორბლით დატვირთული გემების გაცილებას. ვფიქრობ, უკვე მნიშვნელოვანია, რომ ისინი ამ პროცესში ჩაერთონ და ცოტა პასუხისმგებლობა აიღონ, რადგან სხვანაირად უკრაინასაც გაუჭირდება და ხორბლის ბლოკადა მსოფლიოში ძალიან ცუდ სიტუაციას შექმნის. მათ შორის ჩინეთი უკრაინული მარცვლეულის ერთ-ერთი დიდი იმპორტიორია. ახლა მთავარია რუსეთზე ზეწოლას რამდენად მოახდენენ.

„თუკი უკრაინულ გემებს თურქული სამხედრო გემები გააცილებენ, რუსეთი თავდასხმას ვერ გაბედავს. თან უნდა ეცადონ, რომ თუქრეთი რუსეთთან პირისპირ არ დარჩეს და ეს ნატოს ოპერაცია იყოს. შეიძლება, რომ უკრაინული ხორბლის გემების გაცილება თავიანთ თავზე აიღონ. უბრალოდ შესაბამისი დასკვნები უნდა საკითხი რამდენად სერიოზულია.

„თუ გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ტექნიკურად ამ გემების გაცილება პრობლემა არაა და შესაძლებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ რუსები დატვირთულ უკრაინულ გემებს ნახავენ, იერიშს უეჭველი მიიტანენ", - განაცხადა ლაშა ბერიძემ „რეზონანსთან".

ირაკლი ალადაშვილი კი გვეუბნება, რომ უახლოესი დღეები გვიჩვენებს, რამდენად შეასრულებს რუსეთი სავაჭრო გემების ჩაძირვის მუქარას. ამასთან, მისი თქმით, ამ პროცესში ნატოს ხომალდების ჩართულობა ნაკლებ სავარაუდოა, რადგან თურქეთს ბოსფორის სრუტე ჩაკეტილი აქვს და არაშავიზღვისპირა სახელმწიფოების სამხედრო ხომალდებს არ უშვებს, ნატოს წევრ შავიზღვისპირა ქვეყნებს კი, თურქეთის გარდა, ამის პოტენციალი არ აქვს, რომ უკრაინული პორტებიდან გემები გააცილოს.

„მას შემდეგ, რაც 17 ივლისს მარცვლეულის შეთანხმებას ვადა გაუვიდა, რუსეთის საოკუპაციო ძალები უკრაინის შავიზღვისპირა საპორტო ქალაქებს - ოდესას და ნიკოლაევს განსაკუთრებით ბომბავენ.

„რუსებმა განაცხადეს, რომ შავი ზღვის აკვატორიაში შეაჩერებენ და თუ საჭირო გახდება ჩაძირავენ კიდეც იმ სავაჭრო გემებს, რომლებიც უკრაინის პორტებისკენ მიემართებიან და მათ, სამხედრო სამიზნეებად ჩათვლიან. რუსეთი ამ მუქარას რამდენად განახორციელებს, უახლოესი დღეები გვიჩვენებს. საერთაშორისო საზღვაო კანონები არსებობს, რომლებიც სავაჭრო გემებს, მათ ეკიპაჟს და ტვირთებს იცავენ. ეს, რა თქმა უნდა, ამის დარღვევა იქნება.

„შავიზღვისპირა ექვსი ქვეყნიდან ერთი რუსეთია, სამი ნატოს წევრია - თურქეთი, ბულგარეთი და რუმინეთი. უკრაინა და საქართველო ნატოში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვის. დღეს შავ ზღვაში, განსაკუთრებით მის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, რუსეთის შავი ზღვის ფლოტი დომინირებს. ამას ხელს უწყობს ისიც, რომ თურქეთმა წელიწადზე მეტია, მონტრეს კონვენციით, ბოსფორის სრუტე ჩაკეტა და არაშავიზღვისპირა ქვეყნების სამხედრო ხომალდებს აღარ უშვებს.

„ნატოს წევრი ბულგარეთის და რუმინეთის საზღვაო ძალების საბრძოლო მზადყოფნა დაბალია და ნაკლებად ბრძოლისუნარიანები არიან. შავ ზღვაში ყველაზე ძლიერი ძალა თურქეთი და რუსეთია. პუტინისა და ერდოღანის ურთიერთობებიდან გამომდინარე, ნატო შავ ზღვაში თავისი სამხედრო ხომალდების შემოყვანას რომ შეძლებს, ამის იმედი ნაკლებად უნდა იყოს.

„თუნდაც ბოსფორის სრუტე გააღონ და ხომალდები შემოვიდნენ, მაშინ ნატოსა და რუსულ სმახედრო ხომალდებს შორის შესაძლოა რაღაც ინციდენტები მოხდეს", - განაცხადა ირაკლი ალადაშვილმა „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე