რეზონანსი
(16.07.2022)

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, დაკავებულ სოსო გოგაშვილის ადვოკატის, რამაზ ჩინჩალაძის განცხადებით, დოკუმენტები, რომლის გამოქვეყნებასაც გოგაშვილი რამდენიმე დღეში აპირებს, საზღვარგარეთ, "საიმედო ხელშია".

საუბარია დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტზე, სადაც სოსო გოგაშვილმა „სიმართლის მოყოლა" დააანონსა და თქვა, რომ არჩევნების გაყალბების დამადასტურებელი მტკიცებულებების შესახებ იცის.

ადვოკატიც ყოფილ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ამბობს, რომ აღნიშნული დოკუმენტები არჩევნების გაყალბებას ეხება.

„მისი პირველი გზავნილი არის ოჯახის მიმართ, რომ თავს გრძნობს კარგად, მხნედ და არის ბრძოლისუნარიან განწყობაზე. რაც შეეხება დაკავების მოტივებს, როგორც ბატონი სოსო გოგაშვილი აცხადებს, მისი დაკავება ბოლო პერიოდში მის მიერ წამოწყებულ საქმიანობას უკავშირდება, ეს საქმიანობა ეხება არჩევნების გაყალბების საკითხებს, როგორც ის აცხადებს, ამ თემაზე და კონკრეტულ სქემებზე, კონკრეტული, შემაჯამებელი დოკუმენტი და სქემები აქვს, თუ კონკრეტულად რა და როგორ ხორციელდებოდა არჩევნების პროცესში. ის აღნიშნული დოკუმენტის საჯაროდ გამოტანას რამდენიმე დღის განმავლობაში აპირებდა და როგორც თავად აცხადებს, ეს დოკუმენტი, დღის სინათლეს რამდენიმე დღეში მაინც იხილავს. სწორედ ამის გამო, იმ პოსტის გამო, რომელიც მის მიერ გამოქვეყნდა დაახლოებით, ორი დღის წინ, ამ ყველაფრის პრევენციისათვის მოხდა მისი დაკავება. თუმცა, როგორც გითხარით, ის აპირებს სიმართლისთვის იბრძოლოს", - აცხადებს ჩინჩალაძე.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე