რეზონანსი
(15.07.2022)

"მთავარმა არხმა", ნიკა გვარამისთან შეთანხმებით, მიიღო გადაწყვეტილება, რომ დღეიდან ეკრანიდან ორი წარწერა, - #თავისუფლებამიშას და #თავისუფლებანიკას მოიხსნება. ამის თაობაზე "მთავარი არხმა" საგანგებო განცხადება გაავრცელა:

"თვეების განმავლობაში თქვენ ხედავთ ჩვენს ეკრანზე ორ წარწერას - #თავისუფლებამიშას და #თავისუფლებანიკას.

„მთავარი არხის“ მძიმე ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენი ტელევიზიის გადარჩენის ერთადერთი გზა საერთაშორისო დონორების მოძიებაა, რომლებთანაც ჩვენ უკვე ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს.

ამ პროცესში მნიშვნელოვანია, რომ ტელევიზია არ იყოს აფილირებული რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ ძალასთან, რის გამოც, არხმა, ნიკა გვარამიასთან შეთანხმებით, მიიღო გადაწყვეტილება, რომ დღეიდან ჩვენი ეკრანიდან ეს ორი წარწერა მოიხსნება.

თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით იცვლება - ჩვენ ისევ ვთვლით, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი და „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი პოლიტპატიმრები არიან და ისინი უნდა გათავისუფლდნენ.

დარჩით ჩვენთან და მოიპოვეთ ჩვენთან ერთად თავისუფლება.

მთავარი ხართ თქვენ!" - ნათქვამია განცხადებაში. 

ამ განცხადებამ ძალიან გაანაწყენა ჟურნალისტი ელისო კილაძე:

„მთავარმა არხმა წარწერები #თავისუფლებამიშას და #თავისუფლებანიკას ეკრანიდან მოხსნა.

რომელი დონორი ითხოვს ამას - კონკრეტულად რომ გვითხრათ ვერა?!

თუ არ გვეტყვით ე.ი. ეს "ქართული ოცნების" მოთხოვნაა ნიკა გვარამიას პროცესის წინ!“, - დაწერა კილაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე