რეზონანსი
(15.07.2022)

მარნეულში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დაკავებულია 1973 წელს დაბადებული ა.ი, რომელსაც განზრახ მკვლელობა ედება ბრალად.

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 14 ივლისს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ქესალოში, მიწის ნაკვეთის საკუთრებასთან დაკავშირებით არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, თანასოფლელი - 1958 წელს დაბადებული ტ.ე. სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი მოგვიანებით სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე