
ევროკავშირსა და „ქართულ ოცნებას" შორის დაპირისპირება ოპოზიციური პარტიების შესაძლო აკრძალვის ფონზე ახალ ეტაპზე გადადის. მას შემდეგ, რაც ევროკომისიამ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე შეშფოთება გამოხატა და განაცხადა, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვა დემოკრატიულ პლურალიზმსა და სამართლიან პოლიტიკურ კონკურენციას საფრთხეს უქმნის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბრიუსელი სასამართლოზე ზეწოლის მცდელობასა და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა.
უნდა ითქვას, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხს 2027 წლის იანვარში კვლავ განიხილავენ. ევროკავშირს საქართველოს ხელისუფლებაზე ზემოქმედებისთვის ამ ეტაპზე ოთხი ძირითადი პოლიტიკური და სამართლებრივი ინსტრუმენტი რჩება: პოლიტიკური ურთიერთობების შემდგომი შეზღუდვა, უვიზო მიმოსვლის შეჩერების გაფართოება მთელს მოსახლეობაზე, კანდიდატის სტატუსი და პერსონალური სანქციები. ამასთან, ევროკავშირსა და საქართველოს შორის პოლიტიკური ურთიერთობები უკვე მნიშვნელოვნად არის გაუარესებული, ხოლო გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია. შესაბამისად, ბრიუსელის შემდეგი ნაბიჯები, შესაძლოა, უფრო კონკრეტული შეზღუდვების დაწესებას უკავშირდებოდეს.
ერთ-ერთი ბერკეტი უვიზო მიმოსვლაა. ევროკავშირმა 2026 წლის მარტიდან დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი 12 თვით შეაჩერა. ახალი მექანიზმი ევროკომისიას საშუალებას აძლევს, თუ შეჩერების საფუძვლად არსებული პრობლემები არ მოგვარდება, მოქმედება 24 თვით გაახანგრძლივოს და შეზღუდვა საქართველოს ყველა მოქალაქეზე გაავრცელოს. საბოლოო ეტაპზე კი შესაძლებელია უვიზო რეჟიმის სრულად გაუქმებაც, თუმცა ეს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურის გავლას მოითხოვს, რასაც გარკვეული პერიოდი სჭირდება. ამასთან, უვიზო მიმოსვლის შეჩერების განახლებული მექანიზმი უკვე მოქმედებს, სადაც აღარ არის აუცილებელი ყველა წევრი სახელმწიფოს თანხმობა და შესაძლებელია კვალიფიციური უმრავლესობის მხარდაჭერა - სულ მცირე 15 ქვეყნისა. ამ ეტაპზე ჩვეულებრივი პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლა ძველებურად მოქმედებს.
მესამე და მთავარი მიმართულება კანდიდატის სტატუსია, რომელიც საქართველომ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. ევროკავშირს კანდიდატის სტატუსი არცერთი ქვეყნისთვის ფორმალურად არ გაუუქმებია. ყოველ შემთხვევაში, ევროკავშირის გაფართოების ისტორიაში ასეთი პრეცედენტი არ იკვეთება.
ევროკავშირმა გაწვრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულად გამოაცხადა, თუმცა, ევროკომისიის ოფიციალურ გვერდზე საქართველო კვლავ კანდიდატ ქვეყნად არის მითითებული და თუ ბრიუსელი სტატუსის გაუქმების საკითხს დააყენებს, ეს იქნება უპრეცედენტო ნაბიჯი ევროკავშირის გაფართოების თანამედროვე ისტორიაში.
რაც შეეხება მეოთხე ინსტრუმენტს, პერსონალური სანქციების დაწესება რამდენიმე ეტაპს მოიცავს და უვიზო მიმოსვლის შეჩერებისგან განსხვავებით, სანქციების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად ევროკავშირის წევრი ქვეყნების ერთსულოვანი თანხმობაა საჭირო.
„ქართული ოცნება" ევროკავშირის პოზიციაში ორმაგ სტანდარტებს ხედავს და მიიჩნევს, რომ მმართველი პარტიების მიმართ კრიტიკული რიტორიკა არ შეიცვლება მაშინაც კი, თუ საკონსტიტუციო სასამართლო ოპოზიციური პარტიების აკრძალვის გადაწყვეტილებას არ მიიღებს. ხელისუფლების გზავნილი მიანიშნებს, რომ თბილისსა და ბრიუსელს შორის პოლიტიკური უთანხმოება სასამართლო პროცესის შედეგის მიუხედავად შესაძლოა გაგრძელდეს.
ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ევროკავშირის წარმომადგენლების მხრიდან ოპოზიციური პარტიების შესაძლო აკრძალვის პროცესის მიმართ გამოხატული შეშფოთება საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა კი არა, ქვეყანაში დემოკრატიული პროცესებისა და პოლიტიკური პლურალიზმის მიმართ ბუნებრივი ინტერესია. მათი შეფასებით, საკითხი მხოლოდ ცალკეული პარტიების ბედს არ ეხება, აქ მთავარი პრობლემა მოქალაქეებისთვის პოლიტიკური არჩევანის შეზღუდვა და ხელისუფლების მიერ ძალაუფლების შენარჩუნების მცდელობაა.
რეალური ბერკეტები
„რეზონანსთან" ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ევროკავშირს არ გააჩნია ბიძინა ივანიშვილზე ზემოქმედების ეფექტური ბერკეტები, რადგან ის მხოლოდ ძალას ცნობს და მიაჩნია, რომ დასავლეთი მას საფრთხეს ვერ შეუქმნის. აღნიშნავს, რომ კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ფორმალობად დარჩება, ხოლო ოპოზიციური პარტიების შესაძლო აკრძალვისა და სტრასბურგის გადაწყვეტილებების უგულებელყოფის შემთხვევაში, ქვეყანას ევროსაბჭოდან ავტომატური გარიცხვა ემუქრება.
- დავით ზურაბიშვილი: „იმის ბერკეტი, რომ ივანიშვილი დაარწმუნოს რამეში, ბუნებაში ევროკავშირის არსენალში არ არის"
„ძნელი სათქმელია რა მოხდება, ახლა იმის ბერკეტი, რომ ივანიშვილი დაარწმუნოს რამეში, ბუნებაში ევროკავშირის არსენალში არ არის. ივანიშვილი ძალას ცნობს, ერთადერთი, რაც მას დაარწმუნებდა, რომ რაღაც სხვანაირად უნდა იყოს, თუ ის დაინახავს საფრთხეს, ან საკუთარი ქონებისას, ან უსაფრთხოების, ან რაღაც ეგეთს. მემგონი დღეს ივანიშვილს აქვს ის განცდა, რომ ევროპას მისთვის ასეთი საფრთხის შექმნა არ შეუძლია. სანქციები იმ ფორმით, რიტაც აქამდე იყო, ეს ნაკლებად ეფექტურია და ამას როგორმე გადაიტანენ. მით უმეტეს პრაქტიკულად დღეს საქართველოს ხელისუფლება მთლიანად ჩახსნილია დასავლურ სამყაროს და ორიენტირებულია რუსეთზე, პოსტსაბჭოთა სივრცეზე. აზიაზე და ფულის მოზიდვას იქიდან ცდილობს.
„შესაძლოა მოვლენების განვითარების რამდენიმე ვარიანტი იყოს, წავიდეს პროცესი, განაჩენი გვიან გამოიტანონ. თუმცა მგონია, რომ არაფერს არ დააგვიანებს და ყველაფერს ეხლა გააკეთებს. იმიტომ, რომ მას იმედი აქვს, რომ ახლა ჩვენთვის არავის არ სცალია და ვერავინ ვერაფერს ვერ გააკეთებს. ერთადერთი, რაც არის, შეიძლება, ჯერ არ ყოფილა პრეცედენტი, რომ კანდიდატის სტატუსი დადგეს საფრთხის ქვეშ და ასეთი რამე არ მომხდარა - სტატუსი რახან გაქვს, გაქვს, თუმცა, თუ დატოვებენ და არ ჩამოგვართმევენ, , იქნება მხოლოდ ფორმალობა და ჩვენ კიდევ უარესი მოგვიწიოს - ევროსაბჭოდან გამოსვლა. თუ პარტიების აკრძალვა შედგა, აუცილებლად გასაჩივრდება სტრასბურგში და დარწმუნებული ვარ, რომ სტრასბურგი ამას უკანონოდ მიიჩნევს. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა ევროსაბჭოს წევრი ქვეყნისთვის და ავტომატურად გაგვრიცხავენ ევროსაბჭოდან",- განაცხადა ზურაბიშვილმა.
- ზაალ ანჯაფარიძე: „ხორვატია, საბერძნეთი, პორტუგალია, სლოვაკეთი, ბულგარეთი, უნგრეთი (თუნდაც მადიარის) და იტალია საქართველოს იოლად გასალახად არვის დაუთმობენ"
როგორც აღინიშნა, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გამწვავების ფონზე,სანქციების შესაძლო დაწესების საკითხში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება წევრი ქვეყნების პოზიციებს, რადგან ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის საბჭოში ერთსულოვანი მხარდაჭერა სჭირდება. ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის შეფასებით, ევროკავშირში არიან ქვეყნები, რომლებიც საქართველოს საკითხზე უფრო ფრთხილ პოზიციას დაიკავებენ და სანქციების დაწესებას მარტივად არ დაუჭერენ მხარს.
„ხორვატია, საბერძნეთი, პორტუგალია, სლოვაკეთი, ბულგარეთი, უნგრეთი (თუნდაც მადიარის) და იტალია არიან ის ქვეყნები ევროკავშირში, რომლებიც საქართველოს იოლად გასალახად არვის დაუთმობენ",- წერს ანჯაფარიძე.
საგარეო უწყების პასუხი და ევროკომისიის განცხადება
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს ევროკავშირის წარმომადგენელთა ბოლო განცხადებებთან დაკავშირებით, რომლებიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სამართალწარმოებას ეხება.
„სამინისტრო მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განხილვამდე სამართალწარმოების ლეგიტიმურობის ეჭვქვეშ დაყენება და სასამართლო პროცესის წინასწარი შეფასება წარმოადგენს საკონსტიტუციო ინსტიტუტზე არასათანადო ზეწოლის მცდელობას და საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას, მაშინ როდესაც კანონის უზენაესობის პატივისცემა მოითხოვს, რომ სასამართლოს მიეცეს შესაძლებლობა, საქმე დამოუკიდებლად, საქართველოს კონსტიტუციისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად განიხილოს.
„სამინისტრო ასევე შეშფოთებით აღნიშნავს ევროკავშირის წარმომადგენელთა მხრიდან საქართველოს შიდა პოლიტიკური და სამართლებრივი პროცესების შესახებ გაკეთებულ განცხადებებსა და გამოყენებულ რიტორიკას, რაც ხელს უშლის მიმდინარე პროცესების ობიექტურ შეფასებას და აფერხებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის კონსტრუქციულ თანამშრომლობას.
„სამინისტრო მოუწოდებს ყველა შესაბამის წარმომადგენელს, თავი შეიკავონ ისეთი განცხადებებისა და ქმედებებისგან, რომლებმაც შესაძლოა წინასწარ შეაფასოს მიმდინარე სასამართლო პროცესები ან აღქმული იყოს დამოუკიდებელი საკონსტიტუციო ინსტიტუტების საქმიანობაში ჩარევად, და დაიცვან კანონის უზენაესობის, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპები",- ნათქვამია განცხადებაში.
ევროკომისიის პრესსპიკერმა კრისტიან ვიგანდმა 19 ოქტომბერს განაცხადა, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სასამართლოში დაგეგმილ განხილვებზე აცხადებს, რომ „ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება მთავარი პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელს".
მისი თქმით, მართლმსაჯულების სისტემის შესაძლო ინსტრუმენტალიზაციის შესახებ პროცესი შეშფოთებას იწვევს.
„აღნიშნული პროცესი, საკანონმდებლო ცვლილებებისა და ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ, მანამდე გაკეთებულ განცხადებებთან ერთად, მართლმსაჯულების სისტემის შესაძლო ინსტრუმენტალიზაციის შესახებ შეშფოთებას იწვევს და საფრთხეს უქმნის ფუნდამენტურ თავისუფლებებს, დემოკრატიულ პლურალიზმსა და სამართლიან პოლიტიკურ კონკურენციას. ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება ამ პროცესს და მომავალშიც გააგრძელებს მის მონიტორინგს", - აღნიშნავს კრისტიან ვიგანდი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



