რეზონანსი
(20.10.2026)

"საზოგადოებრივი უსაფრთხოება და საპოლიციო საქმე" - პოლიციის აკადემიაში სამწლიანი საბაკალავრო პროგრამა შეიქმნა. სტუდენტები თეორიულ ცოდნასთან ერთად აუცილებელ პრაქტიკულ მომზადებასაც გაივლიან. სწავლა სრულად დაფინანსდება.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე აღნიშნავს, რომ 2027 წლის სექტემბრიდან დაიწყებენ სწავლას პროგრამის მონაწილეები და კურსის დასრულების შემდეგ, საპოლიციო საქმის ბაკალავრის უმაღლესი საგანმანათლებლო დიპლომი ექნებათ.

"2018 წლის შემდეგ აკადემიას აღარ ჰქონდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადგილი და ის მხოლოდ პროფესიულ განათლებას აძლევდა მოქმედ პოლიციელებს, ჩვენ გვექნება საშუალება, რომ აკადემიის ბაზაზე დავიწყოთ ახალი სტუდენტების მიღება, რომლებიც 2027 წლის სექტემბრიდან დაიწყებენ სწავლას და კურსის დასრულების შემდეგ მათ ექნებათ საპოლიციო საქმის ბაკალავრის უმაღლესი საგანმანათლებლო დიპლომი. მნიშვნელოვანია, რომ დღეს გვქონდა შეხვედრა რესურსცენტრის ხელმძღვანელებთან, მთელი ქვეყნის მასშტაბით რესურსცენტრის ხელმძღვანელებს მივაწოდეთ ინფორმაცია ახალი საბაკალავრო პროგრამის შესახებ" - აცხადებს ალექსანდრე დარახველიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე