ნატალია ჯვარიძე
(18.10.2026)

აზერბაიჯანის სკოლებში ჰიჯაბის შეზღუდვამ მარნეულში მუსლიმი მრევლის პროტესტი გამოიწვია. სასულიერო პირის, ასადოვის თქმით, რელიგიური რწმენის გამო ახალგაზრდა ქალებს განათლების მიღების უფლება არ უნდა შეეზღუდოთ. ყოფილი სახელმწიფო მინისტრის, პაატა ზაქარეიშვილის შეფასებით, ეს ინდივიდუალური პირების პერსონალური პასუხისმგებლობაა და მას ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობებზე გავლენა არ ექნება, რადგან საქართველოს ხელისუფლებას ამ საკითხზე ოფიციალური პოზიცია არ დაუფიქსირებია.

21 სექტემბერს აზერბაიჯანის მთავრობამ განახორციელა ცვლილება საჯარო სკოლების მოსწავლეთა ფორმების რეგულაციაში, რითაც აიკრძალა ნებისმიერი დამატებითი ტანსაცმლის ელემენტი, რომელიც არღვევს ერთიანი ფორმის სტანდარტს, ან ეწინააღმდეგება განათლების სეკულარულ პრინციპს. დადგენილებაში ტერმინი „ჰიჯაბი" პირდაპირ დასახელებული არ არის, პრაქტიკაში მან თავსაბურავის ტარების აკრძალვა გამოიწვია.

მთავრობამ დაამტკიცა ახალი წესები პედაგოგებისთვისაც, რომლითაც განისაზღვრა, რომ საჯარო სკოლის მასწავლებლის ჩაცმულობა ვალდებულია შეესაბამებოდეს განათლების სეკულარულ ხასიათს.

ოქტომბრის პირველ ნახევარში სკოლების ადმინისტრაციებმა აქტიურად დაიწყეს ჰიჯაბიანი მოსწავლე გოგონებისა და მასწავლებლების სკოლებში არდაშვება. ამან გამოიწვია მოსწავლეების, მშობლებისა და რელიგიური ჯგუფების საპროტესტო აქციები დედაქალაქ ბაქოსა და რეგიონებში, რასაც პოლიციასთან დაპირისპირება და დაკავებებიც მოჰყვა.

  • პაატა ზაქარეიშვილი: „ჩვენ მოქალაქეებს აქვთ საშუალება მიიღონ მონაწილეობა პროტესტში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობები დაიძაბება."

აზერბაიჯანის ხელისუფლებას თავისი გადაწყვეტილების მთავარ არგუმენტად კონსტიტუციური პრინციპი მოჰყავს, რომლის მიხედვითაც აზერბაიჯანი სეკულარული სახელმწიფოა და სახელმწიფო განათლების სისტემაც სეკულარულ ხასიათს ატარებს. მთავრობის განცხადებით, ეს არის განათლების პოლიტიკის ნაწილი და არა ანტიისლამური ზომა.

ამ დაძაბულობასა და საპროტესტო ტალღას ზოგ რეგიონში მოჰყვა ვითარების უკიდურესი ესკალაცია. განსაკუთრებით სამხრეთ რაიონებსა და ბაქოს გარეუბნებში, სადაც რელიგიური თემი უფრო მრავალრიცხოვანი და აქტიურია. ადგილობრივების პროტესტი პოლიციასთან მწვავე დაპირისპირებაში გადაიზარდა.

დემონსტრანტების ნაწილმა ცეცხლი წაუკიდეს რამდენიმე ავტომობილს, მათ შორის სამართალდამცავთა მანქანებსა და მუნიციპალურ ტრანსპორტს. პოლიციამ და სპეცდანიშნულების რაზმებმა დემონსტრაციების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და ხელკეტები გამოიყენეს, რასაც ათეულობით ადამიანის დაკავება და დაშავება მოჰყვა.

პროტესტი მარნეულში

აზერბაიჯანის სკოლებში ჰიჯაბის შეზღუდვამ და დაწესებულებებში მოსწავლეების არდაშვებამ სოლიდარობისა და პროტესტის ტალღა საქართველოშიც გამოიწვია. კონკრეტულად მარნეულში, სადაც ეთნიკურად აზერბაიჯანელი და მუსლიმი მოსახლეობის დიდი ნაწილი ცხოვრობს.

მარნეულის იმამ ალის სახელობის მეჩეთში პარასკევის ლოცვაზე შეკრებილმა მრევლმა აზერბაიჯანის სასწავლო დაწესებულებებში ჰიჯაბის ტარების აკრძალვა გააპროტესტა. „რადიო მარნეულის" ინფორმაციით, შეკრებილებს ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერებით: „ჰიჯაბი ქალის უფლებაა" და „თავისუფლება ჰიჯაბს".

სასულიერო პირმა, სეიიდ მირისმაილ ასადოვმა საპარასკევო ქადაგება (ხუტბა) სრულად დაუთმო მუსლიმი ქალის თავსაფრის (ჰიჯაბის) მნიშვნელობას. მან აზერბაიჯანის ხელისუფლების გადაწყვეტილება უსამართლოდ შეაფასა და აღნიშნა, რომ აკრძალვის მიღმა გარკვეული ინტერესები დგას.

ასადოვის თქმით, რელიგიური რწმენის გამო ახალგაზრდა ქალებს განათლების მიღების უფლება არ უნდა შეეზღუდოთ. მან ვიწროპოლიტიკური თუ სოციალური ჭრილიდან საკითხის სწრაფად მოგვარების იმედი გამოთქვა.

ქადაგებისას ასადოვი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელმაც ჰიჯაბის თემა ირანის გავლენებსა და ქვეყანაში „რადიკალურ ისლამიზაციას" დაუკავშირა. სასულიერო პირმა და მრევლმა აღნიშნული შეფასებები უსაფუძვლოდ მიიჩნიეს და დაგმეს.

ლოცვის დასასრულს აზერბაიჯანში მიღებულ შეზღუდვებს პროტესტი მარნეულის მეჩეთის სხვა სასულიერო პირებმაც გამოუცხადეს.

იმოქმედებს თუ არა ეს საქრთველო-აზერბაიჯანის ურთიერთობებზე

ყოფილ სახელმწიფო მინისტრსა და კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილს მიაჩნია, რომ მარნეულში გამართული პროტესტს საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობებზე გავლენა არ ექნება.

„საქართველოსთან ეს პირდაპირ კავშირში არაა. ადამიანებს აქვთ უფლება გააპროტესტონ ან მიიღონ ის, რაღაც ხდება სხვა სახელმწიფოში. ჩვენ მოქალაქეებს აქვთ საშუალება მიიღონ მონაწილეობა პროტესტში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობები დაიძაბება. მითუმეტეს, რომ ამაზე საქართველოს ხელისუფლებას, ან რაიმე აზერბაიჯანულ მოძრაობას საქართველოში, ან თუნდაც ქართველს, განცხადება არ გაუკეთებია. ანუ ეს არის კონკრეტული ადამიანების პერსონალური პასუხისმგებლობა, რომლებიც ცხოვრობენ დღეს აქ ან აზერბაიჯანში.

„ეს ხალხი თვითონ წყვეტენ, მიიღონ თუ არა მონაწილეობა ამა თუ იმ აქციაში. მე მიმაჩნია, რომ არ არსებობს არანაირი კოლექტიური პასუხისმგებლობა, არსებობს ინდივიდუალური, პერსონალური პასუხისმგებლობა. ვინც არ უნდა მოქმედებდეს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, ვერავინ იმოქმედებს საქართველოს სახელით. მეორე - ვერავინ იმოქმედებს ვერანაირი კოლექტიური რაღაცა ორგანიზაციის სახელით", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე