ნატალია ჯვარიძე
(07.10.2026)

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის განცხადებით, ირანმა აშშ-ის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად და ქვეყნებს შორის მიმდინარე ომის დასასრულებლად ურანის გამდიდრების შესაძლებლობები მნიშვნელოვნად უნდა შეამციროს.

ვენსმა „როიტერსთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ ნებისმიერი შეთანხმება ირანისგან მოითხოვს ურანის გამდიდრების შესაძლებლობების შემცირებას და არა მხოლოდ სამომავლო შეზღუდვებთან დაკავშირებულ დაპირებებს.

„თუ ბირთვული იარაღის შექმნა არ გსურთ, მაშინ რაში გჭირდებათ 60%-ით გამდიდრებული საწვავი? ხოლო თუ გსურთ დაადასტუროთ ვალდებულება, რომ ბირთვულ იარაღს არ შექმნით, ნუ მაღალგამდიდრებულ საწვავს. ეს ფუნდამენტური, საწყისი საკითხია.

ვფიქრობ, თუ მათ სურთ, აჩვენონ ვალდებულება, რომ ბირთვულ იარაღს არ შექმნიან, მათ ურანის გამდიდრების შესაძლებლობებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი უნდა გადადგან", - აღნიშნა ვენსმა.

მისი თქმით, აშშ კვლავ მზად არის შეთანხმებისთვის, თუმცა ირანისგან ბირთვულ საკითხზე კონკრეტულ დათმობებს მოითხოვს. ირანულმა მხარემ უარყო ვენსის განცხადებები.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, ესმაილ ბაღაის თქმით, ამერიკელი ოფიციალური პირები მშვენივრად ცნობენ თავიანთ ირანელ კოლეგებს და ძალიან კარგად იციან, როგორ მიიღება გადაწყვეტილებები თეირანში. ირანის პოზიციით, აშშ-ის მხრიდან წინასწარი პირობების დაყენება მიმდინარე დიპლომატიურ პროცესს აფერხებს.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მხარი დაუჭირა ვენსს და აღნიშნა, რომ ირანთან კონფლიქტი დასასრულს უახლოვდება, თუმცა, შედეგი იმაზეა დამოკიდებული, თეირანი "კარგ გზას ირჩევს თუ არა". მან ხაზი გაუსვა, რომ ვაშინგტონი სიტყვებს საქმეზე არ გადაცვლის.

ანალიტიკურმა და მედია წრეებმა ყურადღება გამახვილეს იმაზე, რომ ვენსის მიერ 60%-იანი ურანის შემცირების პირდაპირ მოთხოვნამ ფაქტობრივად საჯაროდ გამოაჩინა აშშ-ის ძირითადი წითელი ხაზი სამშვიდობო მოლაპარაკებებში.

ანალიტიკოსებისა შეფასებით, ვენსის ეს განცხადება მნიშვნელოვანია იმით, რომ ვაშინგტონმა პირველად დააფიქსირა სრულიად კონკრეტული ტექნიკური პირობა ომის დასასრულებლად. აქამდე აშშ ზოგადად მოითხოვდა ირანისგან ბირთვული ამბიციების შეზღუდვას, თუმცა, 60%-ით გამდიდრებული ურანის მარაგების შემცირების პირდაპირ მოთხოვნამ საჯაროდ გამოაჩინა ამერიკის მთავარი "წითელი ხაზი".

60%-მდე გამდიდრებული ურანი ტექნიკურად ძალიან ახლოსაა საბრძოლო დონესთან (90%) და მას არანაირი სამოქალაქო ან ენერგეტიკული გამოყენება არ გააჩნია. შესაბამისად, ვენსის განცხადებამ ირანს წაართვა მთავარი არგუმენტი, თითქოს მისი ბირთვული პროგრამა მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს ემსახურება.

თეირანელი პოლიტოლოგების განცხადებით კი, ურანის გამდიდრების უფლება ირანში ეროვნული სუვერენიტეტის საკითხად აღიქმება, ხოლო ვენსის მიერ დაყენებული წინასწარი პირობები ირანის ხელისუფლებისთვის საჯარო კაპიტულაციის ტოლფასია.

შედეგად, ირანელი უსაფრთხოების ანალიტიკოსები თვლიან, რომ ამგვარი ულტიმატუმები თეირანს დათმობაზე კი არ აიძულებს, არამედ პირიქით - უბიძგებს, საკუთარი უსაფრთხოების დასაცავად ბირთვული შეკავების პოლიტიკა ბოლომდე მიიყვანოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე