უკრაინა დახმარების მოლოდინშია, რუსეთი კი დროის მოგებას ცდილობს, რომ ანექსიის ზონა მაქსიმალურად გააფართოვოს
თამთა ჩაჩანიძე
(26.04.2024)

უკრაინაში აშშ-ის სამხედრო დახმარების ჩასვლამდე, რუსული ჯარები რაც შეიძლება მეტი ტერიტორიის ხელში ჩაგდებას ცდილობენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაწოლა გაძლიერდა განსაკუთრებიუთ სტრატეგიულ სიმაღლეებზე, რათა პრობლემები შეუქმნან უკრაინის შეიარაღებული ძალების მნიშვნელოვან თავდაცვით ხაზს დობნასში.

ოკუპანტები ცდილობენ, ნებისმიერ ფასად დაიკავონ ბახმუტის მიმართულებით მდებარე სტრატეგიული სიმაღლე - ჩასოვ-იარი. როგორც ამერიკული ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ანალიტიკოსები ბოლო მიმოხილვაში აღნიშნავენ, ქალაქის აღება რუსებს საშუალებას მისცემს განახორციელონ ახალი შეტევა დონბასის იმ ქალაქებზე, რომლებიც ქმნიან რეგიონში უკრაინის შეიარაღებული ძალების მნიშვნელოვან თავდაცვით სარტყელს. ეს კი ავტომატურად უხსნის რუსულ ძალებს ოპერატიულ პერსპექტივას მნიშვნელოვანი პროგრესის მისაღწევად. საოკუპაციო ძალები შეეცდებიან გააძლიერონ სამხედრო ოპერაციები დონბასში მანამ, სანამ ამერიკული დახმარება უკრაინაში ფიზიკურად არ ჩავა.

ორგანიზაციის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ, გარდა ამისა, რუსებმა შეიძლება გააძლიერონ შეტევითი ოპერაციები ავდეევკას ჩრდილო-დასავლეთით, რადგან ეს ტერიტორიაც იძლევა უფრო მეტ შესაძლებლობებს სწრაფი ტაქტიკური წარმატებებისთვის.

უკრაინელი სამხედრო მიმომხილველი კირილ საზონოვი ამბობს, რომ რუსი ოკუპანტები ჩასოვ-იარზე ახალი ტაქტიკით მოქმედებენ, გარდა სახმელეთო შეტევისა, ისინი ანადგურებენ და წვავენ ქალაქს.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო ქვეყნის დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ მუდმივი და მძიმე დანაკარგების მიუხედავად, რუსმა ოკუპანტებმა ავდეევკას დასავლეთით რამდენიმე პატარა დასახლება დაიკავეს.

„მიმდინარე კვირაში დონეცკის რეგიონში ავდეევკას დასავლეთით რუსული ძალების წინსვლა დაჩქარდა. რუსეთის სახმელეთო ძალებმა უკრაინის ტერიტორიის სიღრმეში ვიწრო ადგილი შეჭრეს ქალაქ ოჩერეტინოში შესვლის მიზნით, რომელიც მდებარეობს ავდეევკის ცენტრიდან ჩრდილოეთით, დაახლოებით 15 კილომეტრში", - ნათქვამია დაზვერვის ანგარიშში.

დაზვერვისვე ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც თებერვლის შუა რიცხვებში რუსეთის სახმელეთო ძალებმა ავდეევკა დაიკავეს, ეს ტერიტორია რუსეთის ოპერაციების ერთ-ერთ მთავარი პლაცდარმი გახდა.

„მიუხედავად დიდი დანაკარგისა, რომელსაც რუსული სახმელეთო ჯარები განიცდიან, დიდი ალბათობით, მათ შეუძლიათ მუდმივად დაარტყან უკრაინის პოზიციებს ამ ტერიტორიაზე და დაამყარონ კონტროლი რამდენიმე მცირე დასახლებაზე", - აღნიშნავს დაზვერვა.

დასავლური მედია პენტაგონზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინამ ფრონტის ხაზიდან ამერიკული „აბრამს-M1A1"-ის საბრძოლო ტანკები გაიყვანა, ნაწილობრივ იმის გამო, რომ რუსული დრონები მათ ანადგურებს. ამავე ინფორმაციით, დრონების გამოყენება ნიშნავს, რომ „არ არსებობს ღია ადგილი, რომლითაც შესაძლებელია უბრალოდ გადაადგილება დაფიქსირების შიშის გარეშე".

„ვიმუშავებთ ჩვენს უკრაინელ პარტნიორებთან და სხვა პარტნიორებთან ადგილზე, რათა დავეხმაროთ მათ დაფიქრდნენ, როგორ გამოიყენონ ისინი ახლა, შეცვლილ გარემოში, სადაც ყველაფერი მაშინვე ჩანს", - ციტირებს მედია პენტაგონის მაღალჩინოსანს.

აღსანიშნავია, რომ აშშ უკრაინაში „აბრამსის" 31 ტანკის გაგზავნას დასთანხმდა. ხუთი ტანკი დაიკარგა, რუსეთის თავდასხმების შედეგად განადგურდა.

პირველ ეტაპზე აშშ ემზადება უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის 6 მილიარდ დოლარამდე ღირებულების იარაღისა და აღჭურვილობის მიწოდებაზე კონტრაქტების გასაფორმებლად, პაკეტი უკრაინისთვის დამტკიცებული 61 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების დახმარების ნაწილია.

დახმარების პაკეტი მოიცავს „პატრიოტის" საზენიტო სისტემებს და არტილერიას, დრონებს, დრონების საწინააღმდეგო საბრძოლო იარაღს და ჰაერი-ჰაერი კლასის რაკეტებს.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი, ლოიდ ოსტინი ახალ პაკეტს, სავარაუდოდ, „რამშტაინის" ფორმატში უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო შეხვედრაზე გამოაცხადებს, რომელიც დღეს გაიმართება.

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ აშშ უკრაინაში კონფლიქტს ახანგრძლივებს. „შეერთებულმა შტატებმა ჯერ შექმნა და ახლა განზრახ ახანგრძლივებს კონფლიქტს უკრაინაში", - აღნიშნა შოიგუმ.

მისი თქმით, მსოფლიოში გეოპოლიტიკური წინააღმდეგობები იზრდება, ნადგურდება სტრატეგიული სტაბილურობის ფუნდამენტური საფუძვლები და მცირდება საერთაშორისო ინსტიტუტების როლი.

„ეს ძირითადად განპირობებულია შეერთებული შტატების და მისი მოკავშირეების სურვილით, შეინარჩუნონ გლობალური დომინირება ნებისმიერი საშუალებით და დააკისრონ თავიანთი დიქტატურა დამოუკიდებელ ქვეყნებზე. საკუთარი მიზნების მისაღწევად ვაშინგტონი უპრეცედენტო ზეწოლას ახორციელებს, მათ შორის პარტნიორებზე, აკისრებს რა მათ მორჩილი შემსრულებლების როლს", - აღნიშნა შოიგუმ.

მისი მტკიცებით, შეიძლება აშშ-ის მიერ სუვერენული სახელმწიფოების საქმეებში ჩარევის მრავალი მაგალითის მოტანა, მათ შორის იმ რეჟიმების შეცვლით, რომლებიც არ მოსწონთ.

„ეს არის ერაყი, ავღანეთი, ლიბია, სირია", - აღნიშნა შოიგუმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე