ნატალია ჯვარიძე
(16.04.2024)

უკრაინის დახმარების საკითხზე კენჭისყრა კონგრესში, სავარაუდოდ, ამ კვირაში გაიმართება. ამასთან, უკრაინის, ისრაელისა და ტაივანისათვის დახმარების კანონპროექტები ცალ-ცალკე იქნება წარმოდგენილი. ამის შესახებ წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა სამშაბათს განაცხადა. ასეთ გადაწყვეტილებას ნეგატიურად აფასებს როგორც აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ისე უკრაინის ხელისუფლება.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის მხრიდან უკრაინისათვის დახმარების დამტკიცება, რესპუბლიკელთა ნაწილის წინააღმდეგობის გამო, უკვე მე-6 თვეა ვერ ხერხდება. თებერვალში სენატმა დაამტკიცა დაფინანსების კანონპროექტი, რომელიც უკრაინის, ისრაელისა და ტაივანისათვის დახმარების სახით 95 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს, თუმცა, იგივე პროექტი ვერ გავიდა კონგრესში, რომელსაც რესპუბლიკელები აკონტროლებენ.

პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია კონგრესისგან ამავე კანონპროექტის მიღებას ითხოვს. 14 აპრილს ისრაელზე ირანის თავდახსმის შემდეგ კი ჯონსონზე ზეწოლა კიდევ უფრო გაძლიერდა.

„პოლიტიკოს" და „ჰილის" ცნობით, ჯონსონმა 15 აპრილს დახურული შეხვედრა გამართა რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებთან და თავისი გადაწყვეტილების შესახებ განცხადებაც ამის შემდეგ გააკეთა.

მისი თქმით, კანონპროექტი 4 ნაწილად გაიყოფა - უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დახმარების პაკეტები და ასევე მე-4 ნაწილი, რომელიც აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებს უკავშირდება. კენჭისყრის სავარაუდო თარიღად კი 19 აპრილია დასახელებული.

აღსანიშნავია, რომ ეს გეგმა აშშ-ის სამხრეთ საზღვართან დაკავშირებით რაიმე დებულებას არ ითვალისწინებს. რესპუბლიკელების წარმომადგენელმა კევინ ჰერნმა აღნიშნა, რომ ამან შეიძლება გამოიწვიოს წინააღმდეგობა კონსერვატორების მხრიდან, რომლებიც მოითხოვენ, რომ უკრაინის ნებისმიერი დახმარება გაერთიანებული უნდა იყოს გარკვეულ ღონისძიებებთან სამხრეთ საზღვრებთან დაკავშირებით.

მანამდე კი, ორშაბათს ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ისრაელისა და უკრაინის დახმარების ცალ-ცალკე განხილვის წინააღმდეგია.

„ეს კანონპროექტი პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მხარდაჭერას არ მიიღებს, რომ შემოიღოს ცალკე კანონპროექტი, რომელიც აფინანსებს ისრაელს 14 აპრილს ირანიდან განხორციელებული თავდასხმების შემდეგ. ჩვენ ვეწინააღმდეგებით ცალკეულ კანონპროექტს, რომელიც მხოლოდ ისრაელის შემთხვევაში იმუშავებს", - თქვა კირბიმ.

იმავე „პოლიტიკოსა" და „ჰილის" ცნობით, ჯონსონის ინიცირებულ ვერსიაში სავარაუდოდ გათვალისწინებული იქნება ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპის შეთავაზება, რომ უკრაინსა დახმარება მიეცეს არა გრანტის, არამედ სესხის სახით, ხოლო შემდგომში ამ კრედიტის დაფარვა მოხდეს გაყინული რუსული აქტივებიდან.

ამაზე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 7 აპრილს განაცხადა, რომ უკრაინა ნებისმიერ ვარიანტს დათანხმდება, მათ შორის დახმარების პაკეტის სესხის სახით მიღებაზეც.

„მაგიდაზე ბევრი განსხვავებული ვარიანტია. ერთ-ერთი სენატორი ახლახან იყო აქ და მკითხა, თანხმდებით თუ არა სესხის აღებასო? მე ვკითხე, რა ვარიანტები არსებობდა. მან მითხრა: „კარგი, დავუშვათ, რომ ვარიანტები ასეთია: აიღოთ სესხი ან ვერ მიიღოთ ვერაფერი". მე ვკითხე, რატომ მაძლევთ ისეთ არჩევანს, სადაც არჩევანის საშუალება არ მაქვს, მოდი, ვიყოთ გულწრფელი ერთმანეთის მიმართ. ამიტომ ჩვენ დავთანხმდებით ნებისმიერ ვარიანტზე", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

თუმცა ოფიციალური კიევისათვისთვის მიუღებელია ისრაელისა და უკრაინის დახმარების განცალკევება და ცალცალკე კენჭისყრა, რადგან არსებობს საშიშროება, რომ ისრალის საკითხი, თუნდაც იგივე 14 აპრილის მოვლენების გამო, გავა, უკრაინისა კი ჩავარდება და ვერავინ იტყვის დაზუსტებით, როდის დაუბრუნდება კონკრესი მის განხილვას და დაუბრუნდება თუ არა.

ზელენსკიმ ისრაელისა და უკრაინის დახმარების ცალკ-ცალკე განხილვაზე საკმაოდ მწვავე განცხადება გააკეთა. იგი სირცხვილს მიიჩნევს იმას, რომ ისრაელისთვის დახმარება განიხილება უკრაინის დახმარების გარეშე. ამის შესახებ მან PBS NewsHour-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„უცნაურია. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ეს არის სუფთა პოლიტიკა. სიმართლე გითხრათ, ეს უბრალოდ სირცხვილია მსოფლიოსათვის, სირცხვილია დემოკრატიისათვის და ყველასთვის, ვინც მხოლოდ დემოკრატიაზე საუბრობს", - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, თუ კონგრესი გაყოფს ისრაელისა და უკრაინის დახმარების საკითხს, ეს აჩვენებს, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ აშშ-ში მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდება.

„მათ არ აინტერესებთ აქ რამდენი ადამიანი იღუპება. მათ მხოლოდ ის ადარდებთ, რა რეიტინგი აქვთ და უბრალოდ ავიწყდებათ, რომ მკვდრებს არ აქვთ რეიტინგი, და იქნება ომი სხვა ქვეყნებში, ამერიკელი ჯარისკაცები შემდეგ დაიცავს", - აცხადებს პრეზიდენტი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე