ელზა პაპოშვილი
(15.04.2024)

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ რუსმა სამხედროებმა, შესაძლოა, ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე პროვოკაცია მოაწყონ. „ეს იქნება კიდევ ერთი მორიგი ოპერაცია ყალბი დროშის ქვეშ", - ნათქვამია შეტყობინებაში. ბოლო კვირების განმავლობაში, რუსეთმა რამდენჯერმე სცადა პასუხისმგებლობის დაეკისრებინა უკრაინისთვის და აცხადებდა, რომ ატომური ელექტროსადგურის ობიექტებს თავს უკრაინული დრონები ესხმოდნენ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელი კი, ამტკიცებს, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან, რუსეთის შავი ზღვის ფლოტმა უკვე დაკარგა თავისი ხომალდების დაახლოებით მესამედი. დიმიტრი პლეტენჩუკის ინფორმაციით, მოსკოვი ამჟამად საკუთარი სამხედრო-საზღვაო ფლოტის აღდგენას ცდილობს.   

ბოლო ორი დღის  განმავლობაში კი სუმის, ხარკოვის, ლუჰანსკის, ზაპორიჟიეს, ხერსონის და მიკოლაივის 110-ზე მეტი დასახლება საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოექცა. საერთო ჯამში, მტერმა 1 სარაკეტო და 109 საჰაერო დარტყმა განახორციელა. დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

უკრაინის პრეზიდენტი გერმანიის კანცლერთან სატელეფონო საუბრის შემდეგ აცხადებს, რომ კიევი ბერლინისგან უკვე არსებული სისტემებისთვის რაკეტებს მიიღებს.

„ჩვენ გვაქვს საერთაშორისო მუშაობის ძალიან კარგი შედეგი: გერმანია მოგვცემს დამატებით პატრიოტულ სისტემას - ამაზე დღეს მე და კანცლერი შოლცი შევთანხმდით. ჩვენ ასევე ვმუშაობთ გერმანიასთან დამატებით IRIS-T სისტემაზე, რომელიც ასევე ძლიერი საჰაერო თავდაცვის სისტემაა. ჩვენ შევძლებთ ათასობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას და უკრაინის უკეთ დაცვას რუსული ტერორისგან.

„ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ყველა პარტნიორთან, ვისაც შეუძლია დახმარება. მარტო ამ კვირაში უკვე მქონდა საუბრები და შეხვედრები ლიეტუვის, ჩეხეთის, რუმინეთის, პოლონეთის, უნგრეთის, შვეიცარიისა და ლატვიის პრეზიდენტებთან.

ლატვიასთან უსაფრთხოების ორმხრივი ახალი შეთანხმება გაფორმდა. მე ასევე ვესაუბრე ნიდერლანდების, საბერძნეთის, პორტუგალიისა და ირლანდიის პრემიერ მინისტრებს," - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.   

მისივე თქმით, ფრონტზე, ბოლო დღეებში, ვითარება რთულდება.  

“ასეთ ცხელ ომში ფრონტზე ვითარება ყოველთვის რთულია, მაგრამ ბოლო დღეებში - და განსაკუთრებით დონეცკის მიმართულებით - უფრო რთულდება”, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინისთვის დახმარების მიწოდება შეზღუდულია, რუსეთს კი ჯერ კიდევ აქვს წვდომა კრიტიკულ კომპონენტებზე, რომლებიც საჭიროა რაკეტებისა და დრონების წარმოებისთვის.

„რუსეთი იყენებს ყოველ დღეს, კვირასა და თვეს უკრაინისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მისაყენებლად. სამწუხაროდ, უკრაინას დახმარება კვლავ შეზღუდულია და რუსეთის სახელმწიფოს ჯერ კიდევ აქვს წვდომა კრიტიკულ კომპონენტებზე, რომლებიც საჭიროა რაკეტებისა და დრონების წარმოებისთვის“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უნდა აღიკვეთოს ტერორისტების უნარი, თანამონაწილეები ეძებონ მთელ მსოფლიოში და ასევე რუსული ტერორის ყველა ფორმა. პრეზიდენტმა ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ყველა სამხედრო მოსამსახურეს, რომელიც იცავს პოზიციებს და ანადგურებს ოკუპანტებს.   

უკრაინაში ძალიან მძიმე ვითარებაა, კიევს მოკავშირეებისგან მუდმივი და უწყვეტი დახმარება სჭირდება - უკრაინას ახლა ყველაზე მეტად სჭირდება საბრძოლო მასალა, - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო დროს გახშირდა წინადადებები, რომ უკრაინამ უნდა დაიწყოს სამშვიდობო მოლაპარაკებები და წავიდეს დათმობებზე. ამავე დროს, ის არ ეთანხმება, რომ იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემები და ახალი დახმარების პაკეტების მიღება შეიძლება გათანაბრდეს კიევზე ჩუმ ზეწოლასთან.

"მე პრაგმატული დამოკიდებულება მაქვს ევროპისა და ნატო-ს აღმოსავლეთი ფლანგის უსაფრთხოების მიმართ. ჩვენი ინტერესები იგივეა, რაც უკრაინის. უკრაინას სურს სრული კონტროლის აღდგენა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ეს ასევე მნიშვნელოვანია მთელი მსოფლიოსთვის, რადგან ეს იმის ნიშანია, რომ საერთაშორისო სამართალი მოქმედებს. 

„რუსეთმა უნდა შეასრულოს ის უკრაინიდან ჯარების გაყვანით. სამშვიდობო მოლაპარაკებებზე საუბარი არ მსმენია. ის ნამდვილად არ მიმდინარეობს ამ მომენტში. ვიცი, რომ ვლადიმირ ზელენსკის ძალიან მკაცრი პოზიცია აქვს ტერიტორიების დაცვასა და დეოკუპაციასთან დაკავშირებით. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ უკრაინამ დაიბრუნოს ყველა ტერიტორია, რომელიც წაართვეს“, - განაცხადა პრეზიდენტმა დუდამ.   

პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე ამბობს, რომ ახლა უკრაინის სასიცოცხლოდ სჭირდება სამხედრო დახმარება. ხოლო ის რასაც ახლა ევროპელი ლიდერები სჩადიან, ბერიძის თქმით უპრეცედენტო შემთხვევაა. 

ბერიძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ჩეხეთის პრეზიდენტი, რომელიც ასევე გენერალია. ძალიან კარგად ხვდება რა შეიძლება ამერიკის მხრიდან შეჩერებულმა დახმარება უკრაინის ფრონტზე გამოიწვის. ამიტომ ის ცდილობს ალტერნატიული გზების მოძიებას, რაც წინ გადადგმული ნაბიჯია. 

„ევროპამ დაიწყო გამოფხიზლება, მაშ შემდეგ, რაც დაინახეს, რომ ამერიკის მხრიდან დახმარების შანსებმა იკლო. ამიტომ სწორია მათი მხრიდან ფიქრი იმაზე, როგორ ნახონ სხვა ალტერნატიული გზები იმისთვის, რომ უკრაინას იარაღით დაეხმარონ. თუკი რომელიმე ქვეყანა ადრე თავს იკავებდა უკრაინისთვის იარაღის იყიდვაზე, ახლა ევროკავშირის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ამაზე თავს აღარ შეიკავებენ. ამასთნ თანამშრომლობა ნებისმიერი მესამე ქვეყნისთვის, პირიქით, კარგია.   

„ეს იქნება ინდოეთი, ბრაზილია, თუ ნებისმიერი სხვა ქვეყანა. ამიტომ ეს ინიციატვა კარგია, რაც ევროკავშირმა გააჟღერა. აშკარაა, რომ ამერიკის ეს შიდა პოლიტიკური კინკლაობა მთელს გლობალურ პოლიტიკას ვნებს და ამის გამოძახლია სწორედ რაც ხდება გარშემო. 

„პრეზიდენტმა მაკრონმა ამიტომაც დიწყო ლიდერობა და ეს ფუნქცია საკუთარ თავზე აიღო. ვხედავთ ტრამპის გამოსვლებს, რომელიც ამბობს, რომ ევროპას ამერიკის გარეშე არაფრის თავი არა აქვს. ამიტომ ისინი იძულებულები არიან აჩვენონ, რომ ბევრი რამ თავისი აქვთ. სწორედ აქ გადის ხაზი, რომ თუ რამე შეუძლია, მან უნდა დაიცვას უკრაინა. თუ უკრაინას ვერ დაიცავს, სხვა მეზობელ ქვეყნებს როგორ დაიცავს“,-ამბობს ბერიძე. 

თუმცა, ანალიტიკოსი ამბობს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ამერიკის დახმარებაშია ეს საჰაერო თავდაცვაა. პოლკოვნიკი აცხადებს, რომ თუკი კიევის, ან რომელიმე დიდი ქალაქის  დაბომბვისას საჰაერო თვდაცვა უკრაინას არ ექნება, რამხელა მსხვერპლი და ზიანი შესაძლოა მოქალაქეებს ამით მიადგეთ. ამიტომ მისი აზრით, ამერიკის დახმარებას მაინც კრიტიკული მნიშვნელობა აქვს. განსაკუთრებით, ეს საჰაერო თავდაცვით სფეროში გამოჩნდება. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე