ნატალია ჯვარიძე
(03.04.2024)

რუსეთში, თათრეთის რესპუბლიკის ქალაქებში ელაბუგასა და ნიჟნეკამსკში მდებარე სამხედრო საწარმოებს უკრაინა თავს დრონებით დაესხა. თავდასხმისას 7 ადამიანი დაშავდა. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, საწარმოებში ტექნოლოგიური პროცესი არ შეფერხებულა და სერიოზული დაზიანება არ ყოფილა. „შვიდი ადამიანი დაშავდა, სერიოზული დაზიანებები არ არის, მსუბუქიდან საშუალო სიმძიმამდე". - წერს „ტასსი". თათრეთის რესპუბლიკის მეთაურის პრესსამსახურის ცნობით, საავადმყოფოში სამი ადამიანი გადაიყვანეს.

სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ "არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი აცხადებს, რომ უკრაინამ პირველად თავისი „კამიკაძე" 4 დრონით შეაღწია რუსეთის სიღრმეში. მისივე თქმით, შესაძლოა მათ რუსეთის თავდასხმების საპასუხოდ საჰაერო იერიში უფრო სიღრმეში განახორციელონ.

ირაკლი ალადაშვილის აზრით, უკრაინამ წერტილოვანი საჰაერო დარტყმა რუსეთს მიაყენა, სადაც უკრაინის დასაბომბად დრონების აწყობა ხდება. როგორც იგი აღნიშნავს, აქ აშშ არაფერ შუაშია და უკრაინის საპასუხო იერიშებს მკვეთრად ემიჯნება, თუმცა, ვერც მათ ეწინააღმდეგება.

„უკრაინამ პირველად შეძლო მიეყენებინა წერტილოვანი საჰაერო დარტყმა რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში, დაახლოებით 1200 კილომეტრზე კიდევ უფრო მეტ მანძილზე, თათრეთის დასახლებაში, სადაც დრონების აწყობა ხდება, შემდეგ ეს დრონები უკრაინის დასაბომბად გამოიყენება. უკრაინამ თავისი „კამიკაძე" 4 დრონით შეაღწია თათრეთის რესპუბლიკამდე.

„ეს შეიძლება ტენდენციაში გახდეს და უკრაინამ რუსეთის საპასუხოდ შურისმაძიებელი საჰაერო დარტყმები არა მარტო ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულზე ან უკრაინის მოსაზღვრე ოლქებზე, არამედ მათ სიღრმეშიც დაიწყოს.

„აშშ-მ ოფიციალურად რამდენჯერმე დააფიქსირა, რომ ის არ მიესალმება უკრაინის მიერ რუსეთის მიმართ საჰაერო დარტყმებს მათ ტერიტორებზე, ნავთობგადამამუშავებელ ქარხებზე და სხვა სტრატეგიულ ობიექტებზე.

„ეს არის აშშ-ს ოფიციალური პოზიცია და ასეც უნდა იყოს, რადგან შემდგომ პუტინმა მათ ბრალი არ დასდონ, რომ ვითომ აშშ უკრაინას რუსეთის დასაბომბად ხელს უწყობს.

„აშშ ამბობს, რომ ისინი აქ არაფერ შუაში არ არიან, ეს უკრაინის გადასაწყვეტია და ისინი ამას თავისი შექმნილი იარაღით აკეთებენ, თუმცა, ამის მიუხედავად ისინი მხარს არ უჭერენ. რა თქმა უნდა, აშშ ვერ შეეწინააღმდეგება უკრაინელების ინიციატივას, რომ აგრესორ რუსეთს მისსავე ტერიტორიაზე მიაყენონ საჰაერო დარტყმა". - განაცხადა ირაკლი ალადაშვილმა „რეზონანსთან".

ნატოში აშშ-ის ელჩის ჯულიან სმიტის განცხადებით, აშშ უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმებს მხარს არ უჭერს. მან აღნიშნა, რომ აშშ-ის მთავრობა კონგრესს კვლავ მოუწოდებს, რომ უკრაინის დახმარების შესახებ კანონპროექტი მიიღოს.

„რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეებზე თავდასხმებს, აშშ ამას მხარს განსაკუთრებით არ უჭერს. ჩვენ ორიენტირებულები ვართ უკრაინელების უფლებაზე, რომ თავიანთი ტერიტორია დაიცვან და მათი ტერიტორიიდან რუსები განდევნონ, სადაც უკრაინელებმა მნიშვლელოვან წარმატებებს მიაღწიეს". - განაცხადა ნატოში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა, ჯულიან სმიტმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე