ელზა პაპოშვილი
(02.04.2024)

დასავლური მედიის ინფორმაციით, რუსეთი უკრაინაში ახალი შეტევისთვის ემზადება. ისინი სავარუდო დროსაც ასახელებენ და ამბობენ, რომ ეს მოსალოდნელი მაის-ივნისშია. ხოლო ოკუპანტების მთავარ სამიზნეს ხარკოვი წარმოადგენს. რუსეთი აძლიერებს რეგიონის დაბომბვას. 

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ალექსანდრე სირსკი ხარკოვზე რუსი ოკუპანტების შესაძლო თავდასხმის შესახებ ინფორმაციას გამოეხმაურა. მისი თქმით, შეუძლებელია რაიმე ინფორმაციის იგნორირება მტრის შეტევითი მოქმედებებისთვის მომზადების შესახებ, მათ შორის დასავლური მედიის შეფასებების ხარკოვზე თავდასხმის ახალ საფრთხესთან დაკავშირებით.

„აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიღებთ ყველა ზომას, რომ ადეკვატურად ვუპასუხოთ ასეთ შესაძლებლობას. დღეს ჩვენ ვახორციელებთ სამუშაოების დიდ კომპლექსს ტერიტორიებისა და პოზიციების გამაგრებაზე, ვაყენებთ ბარიერების ყოვლისმომცველ სისტემას და ვგეგმავთ ჩვენი ჯარების გამოყენებას ასეთი ქმედებების შემთხვევაში“, - განაცხადა სირსკიმ.

მისივე თქმით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს უკვე აქვთ საბრძოლო მოქმედებების გამოცდილება ხარკოვის რეგიონში. ჩვენ მოვახერხეთ მტრის „გამოთვლა“ და ხარკოვის ოლქის მნიშვნელოვანი ნაწილის გათავისუფლება. სწორედ მაშინ მოხდა რუსეთის ფრონტის ფართომასშტაბიანი ნგრევა. თუ რუსები იქ კვლავ გადავლენ, ხარკოვი მათთვის საბედისწერო ქალაქი გახდება", - განაცხადა მთავარსარდალმა.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი CBS News-თან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ უკრაინა რუსეთისაგან მორიგ შეტევას მაისში ან ივნისში მოელის.

„ჩვენ ინფორმაციას ვუზიარებთ ჩვენს პარტნიორებს და ვამბობთ, რომ რუსეთი მოამზადებს კონტრშეტევას. ეს შეიძლება იყოს მაისის ბოლოს ან ივნისში…ჩვენ გვჭირდება დახმარება იმ ბრიგადების მოსამზადებლად, რომლებსაც მოუწევთ ბრძოლა ჩვენი მიწისთვის, განსაკუთრებით იმ შეტევის დროს, რომელსაც რუსეთი დაიწყებს". - ამბობს ზელენსკი.

ზელენსკიმ ისიც აღნიშნა, რომ ამჟამინდელი სიტუაცია მეტად სტაბილურია ვიდრე იყო ორი-სამი თვის წინ, როდესაც საარტილერიო საბრძოლო მასალისა და სხვადასხვა ტიპის შეიარაღების დეფიციტი იყო. თუმცა, ხაზი გაუსვა იმასაც, რომ დახმარება ახლაც სჭირდებათ.

"ჩვენ შეძლებისდაგვარად დავასტაბილურეთ სიტუაცია. იმის გათვალისწინებით, რომ არის იარაღის, საბრძოლო მასალის დეფიციტი, იმის გათვალისწინებითაც, რომ ვიწყებთ ბრიგადების მომზადებას ჩვენთვის მნიშვნელოვანი შესაბამისი ქმედებებისთვის, ვითარება სტაბილურია. მდგომარეობა იმაზე უკეთესია, ვიდრე ორი-სამი თვის წინ იყო". - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ ქვეყნის მთელი ტერიტორია საბრძოლო მზადყოფნაშია საზღვრის მოპირდაპირე მხარეს რუსული ჯარების მზარდი რაოდენობისა და მიმდებარე სოფლებზე თავდასხმების საპასუხოდ.   

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ აუცილებელია, უკრაინას მიეწოდოს ყველაფერი, რაც თავის დასაცავად სჭირდება, რადგან ქვეყანა რუსეთთან ომის "კრიტიკულ მომენტში" იმყოფება.

"კრიტიკული მომენტი გვაქვს - უკიდურესად აუცილებელია, უკრაინელებმა მიიღონ ის, რაც თავდაცვისთვის სჭირდებათ, განსაკუთრებით - სამხედრო აღჭურვილობა და საჰაერო თავდაცვის საშუალებები", - განაცხადა ენტონი ბლინკენმა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრ სებასტიან ლეკორნუსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

ახლო მომავალში საფრანგეთი უკრაინას "ცეზარის" 78 ჰაუბიცას გადასცემს და საარტილერიო ჭურვების მიწოდებასაც გაზრდის. სებასტიან ლეკორნუს თქმით, საფრანგეთს, უკრაინასა და დანიას შორის უკვე შედგა შეთანხმება, რომელიც უკრაინისთვის თვითმავალი ჰაუბიცების გადაცემის დაფინანსებას ითვალისწინებს.  

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოფილი უფროსი და გენერალ - მაიორი ვახტანგ კაპანაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ხარკოვი ერთ-ერთი ყველაზე დაცული ქალაქია. გენერალი ამბობს, რომ მას აქვს თავდაცვითი სამშრიანი დამცავი ზოლი. ხოლო ამდენი ხნის განმავლობაში მოსახლეობა ქალაქს იცავს და ბრძოლას უკვე შეჩვეულები არიან. 

„ძალიან დიდი სისულელე იქნება, თუკი პუტინი გადაწყვეტილებას ხარკოვის მიმართულებაზე შეტავაზე მიიღებს. მეორე, ცოტა მეპარება ეჭვი დასავლელი სპეციალისტების პროგნოზებს, რადგან მაისი უკვე ერთ თვეში არის. დაჯგუფების შექმნა, რომლიც ერთი ასიათასიანი მაინც უნდა იყოს, ამ დროში ვერ მოესწრება. ეს  ორგანიზებას, გადაჯგუფებას მოითხოვს. შემდეგ ამ ძალების მოწინავე ხაზზე გადასროლაა საჭირო.   

„ამ დროს დაახლოვებით 5 თუ 6 „ავაქსის“ ტიპის თვითფრინავი რუსეთის ამ მთელ ტერიტორიას აკონტროლებს. ამხელა დაჯგუფების ასე ფარულად შექმნა ძალიან რთულია. ამიტომ ჯერჯერობით რუსეთის მხრიდან ასეთი ძალების კონცეტრაცია არ შეიმჩნევა. 

„ასიათასიანი დაჯგუფება, რომელიც შეიქმნა გარკვეული პერიოდის წინ, ეს უკვე გადაადგილებულია, რომელიც ბელგოროდი, ბრიანსკი - კურსკის მიმართულებაზე იქნა განლაგებული. აქ კი უკრაინელებმა შეტევა განახორციელეს. ამიტომ არ მიმაჩნია, რომ უახლოვეს მომავალში ასეთი დაჯგფება შეიქმნება და მსგავსი შეტევა დაიწყება. თუკი ასეთი განხორციელდება, ეს რუსების მხრიდან კიდევ ერთი დიდი შეცდომა იქნება ამ ომში. ძალიან დიდი ეჭვი მეპარება, ამხელა ძალის ასე ფარულად შექმნა და მომზადება შეძლონ“,-ამბობს გენერალი. 

მისივე თქმით, პუტინმა 1 აპრილს კი გამოაცხადა სავალდებულო გაწვევა, მაგრამ ეს არ არის მობილიზაცია. გენერალი ამბობს, რომ მათ ჯერ სავალდებულო გაწვრთნა უნდა მოახერხონ. ეს არის რიგითი საგაზაფხულო გაწვევა. 

„ამ ხალხს 6 თვე მაინც ჭირდებათ რომ გაიწვრთნენ. თუმცა, ამასთანავე მათ მაინც გამოიყენებენ შიდა მოხმარებისთვის, გარკვეული ბაზების დასაცავად. თუმცა არ გამოვრიცხავ იმას რომ გარკვეული ძალების ფრონტზე გადაგზავნა არ მოხდება. ფრონტისპირას ტერიტორიაზე წვევამდელებს მსახურება უკვე შეუძლიათ. 

„თუმცა ეს რომ მათ შეძლონ 6 თვე მაინც სჭირდებათ. ამით რუსეთი ფრონტის ხაზზე ვერანაირ გარდატეხას ვერ შეიტანს. მეორეც, რუსეთს ღარიბ-ღატაკი ხალხი იმდენი ჰყავს, რომელთა მეშვეობითად ფრონტის ხაზზს საკონტრაქტოთი პრობლემოდ  ავსებენ“,-ამბობს კაპანაძე. 

რაც შეეხება უკრაინის ჯარში და ფრონტზე არსებულ პრობლემებს, გენერალი მიიჩნევს, რომ უკრაინის ჯარს მობილიზაცია რომ სჭირდება აქ უკვე მეორე აზრი აღარ არსებობს. უკრაინა თავის მხრივ ყოველთვის იტყვის, რომ ფრონტის ხაზზე იარაღი სჭირდება და უჭირს, რადგან მიწოდების ვადები დააჩქარონ. ფრონტის ხაზზე უკრაინელების შეცვლა სჭირდებათ. როტაცია არის საჭირო, ამავე დროს ეს ხალხი უნდა გაიწვიონ ახლა, რომ გადამზადება მოასწრონ.             

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე