ნატალია ჯვარიძე
(02.04.2024)

ბელაურსმა პოლონეთის, ლიეტუვისა და უკრაინის მოსაზღვრე ოლქებში სამხედრო წვრთნები დაიწყო. სახელმწიფო სააგენტო „ბელტას" ინფორმაციით, გომელის ოლქის ტერიტორიული თავდაცვის ყოვლისმომცველი შემოწმების ფარგლებში 2-4 აპრილს, გომელის ოლქის სამხედრო კომისრის ხელმძღვანელობით, როგაჩოვისა და კორმიანსკის რაიონების ტერიტორიული თავდაცვის ძალებთან ერთად სამხედრო სწავლება გაიმართება.

სამხედრო სწავლების მიზანს საბრძოლო მომზადების ამოცანების შესასრულებლად ტერიტორიული თავდაცვის ძალების სამხედრო ნაწილების თანამდებობის პირების მზადყოფნის შეფასება და თავდაცვის ამოცანების შესასრულებლად პერსონალის მომზადება წარმოადგენს. გომელის ოლქის გარდა მსგავსი ტიპის სამხედრო სწავლება გროდნოს ოლქის ვორონოვსკის რაიონშიც ჩატარდება.

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ რესპუბლიკა ომისთვის ემზადება. მისივე თქმით, ქვეყანაში მიმდინარეობს შესაბამისი ქვედანაყოფების საჭირო მომზადება, ჯარებს სხვადასხვა ტიპის იარაღი და აღჭურვილობა მიეწოდება. თუმცა, იგი ამტკიცებს, რომ ბელარუსი არავის ემუქრება.

„არავის დაუჯეროთ, რომ ომი გვინდა. ჩვენ ვემზადებით ომისთვის, ამაზე გულახდილად ვსაუბრობ. „თუ მშვიდობა გინდა, ემზადე ომისთვის", ძალიან სწორად არის ნათქვამი. თუ ვინმე იქიდან (არამეგობრული ქვეყნებიდან) ყვირის და გვაკრიტიკებს, იცოდეთ, რომ ჩვენ სწორად ვიქცევით. ჩვენ არ გვჭირდება ვინმეს დავემუქროთ. არ გვინდა სხვისი მიწა. ღმერთმა ქნას, ჩვენი დავამუშაოთ". - განაცხადა ლუკაშენკომ.

ჯიპას პროფესორის, თენგიზ ფხალაძის აზრით, აღნიშნულ საკითხზე ნატომ რეაგირება უნდა მოახდინოს - ოღონდ, კონკრეტულად ამ თემაზე რუსეთისთვის პასუხის გაცემით კი არა, არამედ, ისევ და ისევ უკრაინის დახმარებით.

ჯიპას პროფესორის, თენგიზ ფხალაძის აზრით, ნატომ ამაზე რეაგირება უნდა მოახდინოს, რაც რუსეთის მიმართ ზეწოლის გაძლიერებას და უკრაინისთვის უფრო მეტად დახმარებას გულისხმობს.

„ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბელარუსი და რუსეთი არიან მოკავშირე სახელმწიფოები. შესაბამისად, ისეთ საკითხებში, როგორიცაა სამხედრო თემები, ბუნებრივია, ბელარუსს თავისუფლების რაიმე ხარისხსი არ აქვს და ის უნდა იყოს რუსეთის პოზიციის მიმდევარი. ამის გამოძახილი არის ეს წრთვნებიც. ამაში მოულოდნელი არაფერი იყო, რადგან ყველამ კარგად იცოდა, რომ ეს ჩატარდებოდა. ეს არის პუტინის ადმინისტრაციის ქმედება, რომელსაც არასოდეს მალავდა.

„ნატომ ამაზე რეაგირება უნდა მოახდინოს. ოღონდ ეს უნდა იყოს არა რუსეთისთვის პასუხის გაცემა, არამედ პროაქტიური ქმედებები, რაც უკრაინისთვის უფრო მეტ დახმარებას ნიშნავს, თავისთავად უფრო მტკიცე გადაწყვეტილებებს და რა თქმა უნდა, მეტ ზეწოლას რუსეთზე.

„ძალიან მნიშვნელოვანია ნატომ აჩვენოს, რომ ის მხოლოდ მოპასუხის რეჟიმში არ არის და მას შეუძლია გარკვეული აქტიური მოქმედებების განხორციელება". - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე