ნატალია ჯვარიძე
(02.04.2024)

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა საზღვარზე მისი პოზიციები დაბომბეს. აზერბაიჯანული მხარის თქმით კი, აზერბაიჯანის არმია სომხეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან მტკიცედ აღკვეთს აზერბაიჯანის წინააღმდეგ სამხედრო პროვოკაციის ნებისმიერ მცდელობას.

„აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა სომხურ პოზიციებს სოფელ კუტის ტერიტორიაზე (გეღარქუნიქის პროვინცია) და სოფელ თეჰში (სიუნიქის პროვინცია) ცეცხლი გაუხსნეს". - ანღნიშნულია სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სომხეთ-აზერბაიჯანის პირობითი საზღვრის სხვადასხვა მიმართულებით ბოლო დროს სომხეთის შეიარაღებული ძალის, ჯავშანტექნიკის, საარტილერიო დანადგარების და სხვა მძიმე საცეცხლე საშუალებების კონცენტრაცია და ჯარების ინტენსიური მოძრაობა შეინიშნება. უწყების თქმით, აზერბაიჯანის არმია სომხეთის შეარაღებული ძალების მხრიდან მტკიცედ აღკვეთს აზერბაიჯანის წინააღმდეგ სამხედრო პროვოკაციის ნებისმიერ მცდელობას.

„ბოლო დღეებში შეიმჩნევა რევანშისტული ძალების გააქტიურება, რომლებიც აზერბაიჯანს ომით ემუქრებიან, აზერბაიჯანის წინააღმდეგ აგრესიული რიტორიკის დონის ზრდა და საბოტაჟის მცდელობის მომზადების მიზნით საინფორმაციო გარემოში სიტუაციის გამწვავებაზე ორიენტირებული პროვოკაციული ინფორმაციის რაოდენობის გაზრდა. ვაფრთხილებთ, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან აზერბაიჯანის წინააღმდეგ სამხედრო პროვოკაციის ნებისმიერი მცდელობის შემთხვევაში, იგი მტკიცედ იქნება აღკვეთილი აზერბაიჯანის არმიის მიერ". - აღნიშნულია განცხადებაში.

სამხედრო ექსპერტის, ვახტანგ მაისაიას აზრით, ომი არცერთ მხარეს არ უნდა და შესაბამისად, ამ ეტაპზე ეს არ მოხდება. მისივე თქმით, სომხეთი და აზერბაიჯანი სამშვიდობო ხელშეკრულებას ვერ აფორმებენ იმის გამო, რომ დემარკაციასა და დელიმიტაციის საკითხს ვერ აგვარებენ, თუმცა, უახლოეს მომავალში შესაძლოა ხელშეკრულება გაფორმდეს.

„აზერბაიჯანის და სომხეთის პოლიტიკურ ლიდერებს კარგად ესმით, რომ ომი ამ ეტაპზე ორივესთვის წამგებიანი იქნება. შესაბამისად, ჯერ არ დგას ამის საშიშროება. სამშვიდობო ხელშეკრულებას ვერ აფორმებენ იქიდან გამომდინარე, რომ მხარეები საზღვრების დემარკაციასა და დელიმიტაციის საკითხს ვერ აგვარებენ.

„მე მგონია, რომ ამ წელს მხარეები შეთანხმდებიან და სამშვიდობო შეკრულებას ხელს მოაწერენ. შეიძლება ეს სამშვიდობო ხელშეკრულება სრულმასშტაბიანი არ იყოს, თუმცა, გარკვეულწილად ყველა პირობა იქნება იმისათვის, რომ ორივემ ერთმანეთის სუვერენიტეტი სცნონ, დაამყარონ დიპლომატიური ურთიერთობა. შემდგომში ნელი ნაბიჯებით სხვა პრობლემატური საკითხები გადაჭრან და რეგიონალური უსაფრთხოების ახალი მოდელი წამოაყენონ საერთო კავკასიური ინტერესების გათვალისწინებით". - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე